
"მეგობარი აქტის" მიღების აუცილებლობა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ სანქციების დაწესება - ლიეტუველი პოლიტიკოსი კიდევ ერთ კრიტიკულ განცხადებას აკეთებს.
მის განცხადებას მალევე "ფეისბუკ" სტატუსით გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე, ლიეტუველი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადებაც გაიხსენა. მაშინ რასა იუკნევიჩიანემ სიძულვილის შემცველი ტერმინით საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, გააკრიტიკა ქართველი ხალხიც.
ევროპარლამენტარის მხრიდან ბოდიშის საჭიროებას ვერ ხედავენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები რასა იუკნევიჩიანეს განცხადებებს იზიარებენ და მას საქართველოს მხარდამჭერ პოლიტიკოსად თვლიან.
"ქართული ოცნების" წევრები ევროპარლამენტარს რიტორიკის შეცვლისკენ მოუწოდებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მილიონზე მეტი ამომრჩევლკის შეურაცხყოფა, მხოლოდ იმის გამო, რომ მათ მხარი ქართულ ოცნებას დაუჭირეს მიუღებელია. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიმართ უსამართლო მიდგომა უპასუხოდ არ დარჩება.
რასა იუკნევიჩიანეს განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმაც შეაფასა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ლიეტუველი პოლიტიკოსი ჯერ კიდევ საბჭოთა მიდგომებით მოქმედებს. რისი დასტურიც საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაა.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე, ოპოზიციის თხოვნით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს თბილისში ჩამოდის.
ავტორი: ნანა გოგატაძე.