
სტამბოლი ისევ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია - მსოფლიო იმედს არ კარგავს, რომ დღეს დღის ბოლომდე რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა შედგება. ყველა ელოდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მხარეები, მოახერხებენ თუ არა ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე მსჯელობას თუ შეხვედრა ისევ გადაიდება.
ანკარას აეროპორტიდან პრეზიდენტის კორტეჟი, რეჯეფ თაიფ ერდოღანის რეზიდენციაში მივიდა, კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეს კონფერენცია უკრაინის საელჩოში ჩაატარა. საუბარი განცხადებით დაიწყო და კიევის მომლაპარაკებელი ჯგუფის ხელმძღვანელად თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი დაასახელა. თქვა, რომ რუსეთის დელეგაციას უკრაინული მხარე სტამბოლში დღეს ღამე ან ხვალ შეხვდება.
უკრაინის დელეგაციას რუსული მხარე სტამბოლში ელოდება. ვლადიმერ პუტინი მის მიერ ინიცირებულ პირდაპირ მოლაპარაკებებზე თავად არ ჩავიდა და თურქეთში თანაშემწე გაგზავნა. კრემლის ინტერესს ვლადიმერ მედინსკი წარადგენს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
მოლაპარაკებების შესახებ მორიგი განცხადება დღეს "ეარ ფორსის" ბორტზე ყატარიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მგზავრობის დროს გააკეთა დონალდ ტრამპმა. შეერთებული შტატების ლიდერი არ გამორიცხავს, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისთვის ხვალ სტამბოლში ჩავიდეს.
სტამბოლის მოლაპარაკებები განხილვის საგანი იყო ანტალიაში, სადაც ""ნატოს"" წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბენენ.
დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინაში საომარი მოქმედებები არ წყდება. უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. აფეთქებების ხმა ისმის ივანო-ფრანკოვსკის და ვოლინის ოლქებში. მსხვერპლი მოჰყვა ოკუპანტის სარაკეტო თავდასხმას სუმის ოლქზე, დაღუპულია სამი ადამიანი.