13 ივნისი 2025,   23:38
ვრცლად
საგამოძიებო კომისიის სხდომა - პატიმრების სისტემურ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, ბესარიონ ხვინთელიანმა 15 წლის შემდეგ დღეს პირველად ისაუბრა

რუსთავის ნომერ მეთექვსმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების სისტემურ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, ბესარიონ ხვინთელიანმა 15 წლის შემდეგ დღეს პირველად ისაუბრა. ბიზნესმენი, რომელიც ციხის თანამშრომლების მხრიდან ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი თითქმის ყოველდღე იყო, იხსენებს, რომ მას საპატიმროში წიხლებით,ხელკეტებითა და წყლით სავსე ბოთლებით უსწორდებოდნენ. ხვინთელიანის წამებას წინ მისი უკანონო დაკავება უძღოდა. დაზარალებულს ციხეში 2 წლის გატარება გამოგონილი ბრალდებით მოუწია.

ბიზნესის რეკეტი, წამება და არაადამიანური მოპყრობა. უკანონო დაკავებასა და წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე დღეს კიდევ ერთმა პირმა ისაუბრა. თამაზ წულაიამ გაიხსენა, რომ სავაჭრო ცენტრ "ენგურის" წილების დათმობას მას მაშინდელი პროკურორი, როლანდ ახალია აიძულებდა.

ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან განხორციელებულ ტერორსა და რეკეტზე დღეს კიდევ ერთმა დაზარალებულმა ისაუბრა. გურამ თირქიამ გაიხსენა, რომ ათეულობით ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი როლანდ ახალიას დავალებით 2005 წლის ზაფხულში ჩამოართვეს, მის წინააღმდეგ კი სამართლებრივი დევნა დაიწყეს.

როლანდ ახალაიას მიერ ჩადენილ დანაშაულებსა და ტერორზე კომისიას ჩვენება წალენჯიხის ყოფილმა გამგებელმაც მისცა, დავით ქანთარიამ მის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორი დეტალურად გაიხსენა და თქვა რომ ციხეში თაღლითობის ბრალდებით მაშინდელი პროკურორის, როლანდ ახალაიას დავალებით გაუშვეს.

წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების მოკვლევას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია განაგრძობს. რიგით 23- ე სხდომა დღეს 6 საათს გაგრძელდა და ორშაბათს, სხვა საქმეების განხილვით განახლდება.

ავტორი - ჟანა აკოფაშვილი. 

დღის ამბები