13 ივნისი 2025,   23:36
ვრცლად
ტრამპის ადმინისტრაციის დუმილი გაურკვეველია, რადგან არსებობს სერიოზული იდეოლოგიური თანხვედრა, არის მზაობა საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით - თორნიკე ჭეიშვილი

ტრამპის ადმინისტრაციის დუმილის მიუხედავად, ქართული მხარე საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გადასატვირთად მზადაა. საპარლამენტო უმრავლესობისთვის გაუგებარია, რატომ დუმს ტრამპის ადმინისტრაცია, მაშინ როდესაც მხარეებს შორის იდეოლოგიური თანხვედრა არსებობს.

"პრეზიდენტი ტრამპი უკვე პრაქტიკულად მეოთხე თვეა ასრულებს თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილებებს, მაგრამ ჯერჯერობით, საქართველოსთან მიმართებით ვხედავთ დუმილს. ეს დუმილი გაურკვეველია გარკვეულწილად იმ თვალსაზრისითაც, რომ, როგორც ცნობილია, არსებობს იდეოლოგიური ძალიან სერიოზული თანხვედრა. არის მზაობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვასთან, სუფთა ფურცლიდან დაწყებასთან დაკავშირებით," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა მნიშვნელოვანია და საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

"საქართველო გახლავთ რეგიონიდან ერთადერთი ქვეყანა, რომლის ურთიერთობები სულ უკან და უკან მიდის. აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც სტრატეგიული ურთიერთობები შეჩერებულია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დღე ამ ვითარებაში არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა "ქართულ ოცნებას" არა აქვს ამასთან დაკავშირებით არავითარი ინიციატივა, ისინი მხოლოდ წერილებს წერენ," - განაცხადა "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ტატა ხვედელიანმა.

დღის ამბები