
ემანუელ მაკრონსა და ირაკლი კობახიძეს შორის კომუნიკაცია ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე შედგა. საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საკუთარი ინიციატივით მივიდა. პერსონალური კომუნიკაციის დროს მაკრონი კობახიძეს რამდენჯერმე დაუბრუნდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის გარდა, არაოფიციალურ ფორმატში საუბარი საქართველოს მთავრობის მეთაურსა და თურქეთის პრეზიდენტს შორისაც გაიმართა. სამიტის პროტოკოლით გათვალისწინებული საერთო ფოტოს გადაღების დროს კომუნიკაცია შედგა პოლონეთის პრემიერ მინისტრთან, ასევე ევროკავშირის წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასთანაც.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაშიც, სადაც საუბარი "ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება" ეხებოდა. დისკუსიის გახსნამდე ლიდერებმა ეს შეხვედრაც ერთმანეთთან მორიგი კომუნიკაციისთვის გამოიყენეს. ამ შემთხვევაში პერსონალური საუბარი პრემიერ-მინისტრსა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შორის შედგა.
ტირანაში ოფიციალურ და არაოფიციალურ ფორმატში კომუნიკაცია 30-მდე ევროპელ ლიდერთან შედგა. პრემიერმა მედიასთან თქვა, რომ ყველა შემთხვევაში საუბარი საქართველოსთვის აქტუალურ და პრიორიტეტულ საკითხებს შეეხებოდა.
ირაკლი კობახიძე დღესვე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსა და სერბეთის პრეზიდენტსაც ესაუბრა. ალექსანდრ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძესთან კომუნიკაციის შესაძლებლობაზე ისაუბრა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმაც. ალენ ბერსემ ამის შესახებ ტირანაში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მედიასთან კომენტარი გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრმაც.
ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის მეექვსე სამიტზე, მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა, შეკრება დილიდან დაიწყეს. ალბანეთის დედაქალაქს 47 ევროპული სახელმწიფოს მეთაური და პირველი პირი სტუმრობს. ტირანაში იმყოფებიან ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები. სამიტი ევროპის წინაშე მდგარი გამოწვევების განხილვას ეთმობა.
ტირანაში მიმდინარე სამიტში მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ ყველა შეხვედრის თუ კომუნიკაციის დროს ყურადღება იმ ხედვებზე გაამახვილა, თუ როგორ ხედავს საქართველო ევროპის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე ევროპის მომავალს.
ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს ალბანეთის დედაქალაქი პირველად მასპინძლობს. ტირანაში ამ ღონისძიებისთვის საგანგებოდ მოემზადნენ. ევროპელ სტუმრებსაც განსხვავებულად დახვდნენ. სამიტის გახსნის ოფიციალური ცერემონიისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მომზადდა ვიდეო მიმართვები, სადაც სამიტში მონაწილე ყველა ლიდერი ალბანეთს მშობლიურ ენაზე ესალმებოდა.