
პრემიერ-მინისტრი სიძულვილის კამპანიაზე პასუხისმგებლობას უცხოელ დონორებს აკისრებს. ამბობს, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები საზოგადოებაში პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივებას ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ცდილობდნენ. ხელისუფლების ამოცანა კი თავსმოხვეული სიძულვილის ჯანსაღი დამოკიდებულებით შეცვლაა.
ირაკლი კობახიძე ლევან ღამბაშიძის იმ ინტერვიუს გულისხმობს, რომელშიც სამოქალაქო აქტივისტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ხელისუფლების მიმართ ზიზღის ლეგიტიმურ უფლებაზე საუბრობდა.
ზრდის თუ არა მსგავსი განცხადებები პოლარიზაციის ხარისხს? - ლევან ღამბაშიძე "კურიერთან" საკუთარ განცხადებას განმარტავს და ამბობს, რომ მის სათქმელს ზიზღის ნაცვლად სიტყვა ბრაზი უკეთ გამოხატავდა. იქვე აცხადებს, რომ სიძულვილის გაღვივებაზეც და მის განტვირთვაზეც პასუხისმგებელი მხოლოდ ხელისუფლებაა.
ღამბაშიძის განცხადებას აღიარებას უწოდებენ "ქართულ ოცნებაში" და ამბობენ, რომ სიძულვილის კამპანიისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება სწორედ იმ ძალების ინტერესშია, რომლებიც თავადვე მოუწოდებენ ხელისუფლებას პოლარიზაციის შემცირებისკენ.
სიძულვილის გაღვივებაში უმრავლესობა მესამე სექტორთან ერთად ოპოზიციურ პარტიებსაც თანაბრად ადანაშაულებს.
დამატებითი კომენტარის გაკეთება "კურიერთან" დღეს არც განცხადების ავტორმა და არც "ლელოს" სხვა წარმომადგენლებმა ისურვეს. ოპოზიციურ პარტიებში კი თქვეს, რომ ხელისუფლების მისამართით მათი კრიტიკა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში ჯდება.
"ქართული ოცნების" თქმით, აზრის გამოხატვის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, თუმცა ეს არ უნდა იყოს სიძულვილის ენა, რომლის ტირაჟირებაც კანონით დასჯადია.
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის მიყენება სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ისჯება, სიძულვილის ენის გავრცელებას ან წახალისებას კი მაუწყებლობის შესახებ კანონი არეგულირებს.