16 ივნისი 2025,   13:28
ვრცლად
სოფლის განვითარების სააგენტომ, ბენეფიციარების დასაფინანსებლად, რომლებიც გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების შექმნას აპირებენ, 5 მილიონამდე ლარი გამოყო

სოფლის განვითარების სააგენტო მზად არის, დააფინანსოს ბენეფიციარები, რომლებიც გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების შექმნას აპირებენ. უკვე გამოყოფილია ბიუჯეტი, რომელიც 5 მილიონ ლარს აღწევს, მიზანი კი ქვეყანაში ყოველწლიურად 329 მილიონი ლარის ღირებულების აგროპროდუქციის წარმოებაა. 

გია მელაძე ერთ-ერთია იმ 270 ბენეფიციარს შორის, რომელმაც გორში ხილ-ბოსტნეულის სამაცივრე სისტემა უკვე შექმნა და საკუთარი ბიზნესი გააფართოვა. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის მხარდაჭერით, ახალგაზრდა ფერმერმა საწარმოსთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ტექნიკა შეიძინა, რამაც მისი ფინანსური შემოსავალი საგრძნობლად გაზარდა.

კიდევ ერთი ფერმერი, რომელმაც პროგრამით ისარგებლა, თეიმურაზ თვალიაშვილია. მან შინდისში, სამაცივრე საწყობი და შემნახველი საწარმო 2021 წელს სოფლის განვითარების პროგრამის დახმარებით მოაწყო. ახალგაზრდა ფერმერმა, იდეის განსახორციელებლად, 500 ათასი ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება მიიღო. უკვე წარმატებული აგრობიზნესმენი დამწყებ ფერმერებს ურჩევს, სახელმწიფო პროგრამებში აქტიურად ჩაერთონ.

სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს, უკვე სამასამდე გადამამუშავებელი საწარმო და შემნახველი ინფრასტრუქტურა შეიქმნა. პროგრამის მთავარი მიზანი ფერმერების მხარდაჭერა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებაა.

სოფლის განვითარების სააგენტო აგრობიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. უკვე გამოიყო 5 მილიონი ლარის ოდენობის თანხა, რომლითაც პროგრამის მომავალი ბენეფიციარები დაფინანსდებიან. გეგმის თანახმად, მხარდაჭერილი საწარმოების სრულად ამოქმედების შემდეგ, ყოველწლიურად 329 მლნ ლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია შეიქმნება.

პროექტში მონაწილეობისთვის მსურველებმა განცხადებით სოფლის განვითარების სააგენტოს 15 მაისიდან უნდა მიმართონ.

დღის ამბები