
საქართველოს საკანონმდებლო ორგანო ამერიკის კონგრესს პასუხს უგზავნის. "მეგობარი აქტის" პირისპირ 11 გვერდიანი განცხადებაა. დოკუმენტს მხარდაჭერას პარლამენტის სრული უმრავლესობა უდასტურებს. 11 გვერდი კი იმ კონტრარგუმენტებს აერთიანებს, რომელიც მეგობარ აქტში, ცრუ ბრალდებებად ფასდება. განცხადებას კოლეგებს პირველი კანონმდებელი აცნობს. პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოსთან მიმართებით უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დეზინფორმაციით გაჯერებული აქტი, საქართველოს დასჯის მცდელობაა. შალვა პაპუაშვილი მიზეზად, ხელისუფლების მტკიცე პოზიციას და მშვიდობის არჩევას ასახელებს.
პროგრესი, რომელსაც რეიტინგები ადასტურებს და გზა, რომელიც ქვეყანამ 2012 წლიდან გაიარა - საკანონმდებლო ორგანომ ფაქტებით იმ სამ ძირითად მიმართულებას უპასუხა, რომელსაც მეგობარი აქტი ეფუძნება. წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცებულ აქტში საუბარია დემოკრატიის უკუსვლაზე, ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვასა და არასათანადო ურთიერთობების დამყარების საკითხზე.
ხელისუფლება, რომელმაც 2017 წელს კონსტიტუციურ ამოცანად ევროატლანტიკური ინტეგრაცია განსაზღვრა, ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ამ მიმართულებითაც. ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი - მმართველი გუნდი იმ გზაზე საუბრობს, რომელიც ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ გაიარა. აქცენტი კეთდება იმ ხელოვნურ ბარიერებზე, რომელიც "ქართული ოცნების" განცხადებით, ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში სწორედ პარტნიორების მხრიდან ექმნება.
2017 წელს, საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას, იმ დროს პარლამენტში მყოფი ოპოზიციის მხარდაჭერა არ ჰქონია. დღეს კი პარლამენტს მიღმა მყოფები მხარდაჭერას მეგობარ აქტს უდასტურებენ და დოკუმენტის დამტკიცებისთვის მუშაობენ. ოპოზიციის ნაწილი ამ მიზნით სენატში შეხვედრებს მართავს, თბილისში დარჩენილები კი ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტის პასუხი მეგობარ აქტზე, არასერიოზულია.
"ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას იზიარებენ გახარიას პარტიაში და იმედი აქვთ, რომ "მეგობარ აქტს" დონალდ ტრამპის ხელმოწერა ექნება, თუმცა არც იმას მალავენ, რომ მსგავსი ნაბიჯები საქართველოს და ქართველ ხალხს აზიანებს.
ოპოზიციას საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და ცდილობენ ქვეყანას ხელოვნური პრობლემები შეუქმნან.
სახელისუფლებო პარტია მეგობარი აქტის მიღმა "დიფ სთეითის" გავლენას ხედავს. მმართველი გუნდი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადაიხედება და სუფთა ფურცლიდან დაიწყება.
საქართველოს პარლამენტის განცხადებას მნიშვნელოვან აქტს უწოდებს მთავრობის მეთაური, თუმცა სანამ იქნებოდა საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული დოკუმენტი, იყო პრემიერ- მინისტრის ღია წერილი. ირაკლი კობახიძე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის მზაობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
"მეგობარ აქტზე" საქართველოს პასუხი გაცემულია. ჯერი ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებზეა - იმისთვის, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ მომზადებული დოკუმენტი კანონად იქცეს, სენატის მხარდაჭერა და დონალდ ტრამპის ხელმოწერაა საჭირო.