24 ივნისი 2025,   11:04
ვრცლად
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ტირანაში - ალბანეთის დედაქალაქი ერთი დღით საერთაშორისო პოლიტიკური მოლაპარაკებების მთავარ ეპიცენტრად იქცა

მსოფლიო ლიდერების შეხვედრის ადგილად ტირანა იქცა. ალბანეთის დედაქალაქმა ევროპული გაერთიანების სამიტს უმასპინძლა და როცა ქალაქმა მასპინძლის როლი პირველად მოირგო, სამზადისი, დახვედრა და მიღებაც უჩვეულო გამოდგა.

წითელ ხალიჩაზე ლიდერების მთავარ ატრიბუტად პოლიტიკურ სიტყვასთან ერთად, ქოლგებიც იქცა. ტირანაში წვიმს, თუმცა ამინდი სამიტს ხელს ვერ უშლის. მეტიც - ალბანეთის პრემიერ-მინისტრი სტუმრებს პირადად, ინდივიდუალური მისალმებით ხვდება. ყურადღებას იქცევს მისი სპორტული ფეხსაცმელიც.

ევროპელი ლიდერები ტირანაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიიწვია - პირად მიწვევას ჩასვლით უპასუხა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

უჩვეულო მიღების შემდეგ იყო სამიტის გახსნის ოფიციალური ცერემონია. მცირე დეტალები თუ პომპეზური ღონისძიება - ტირანა რომ ამ დღისთვის განსაკუთრებულად მოემზადა, ამაზე ყველაფერი მეტყველებდა, მათ შორის, ვიდეო მიმართვა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მომზადდა - სამიტში მონაწილე ყველა ლიდერი ბავშვობაში დააბრუნეს და ალბანეთს მშობლიურ ენაზე მიესალმნენ.

ჯერი ოფიციალურ ნაწილზე დგება - მისალმებას ლიდერებთან შეხვედრები და გასაუბრებები ცვლის და როცა სამიტის ფორმატი არაფორმალური შეხვედრების შესაძლებლობასაც იძლევა, ევროპელი პოლიტიკოსები შანს ხელიდან არ უშვებენ და ჩვენი ქვეყანაც ყურადღების ცენტრში ექცევა. საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საკუთარი სურვილით მიდის, ესაუბრება და რამდენჯერმე უბრუნდება.

ემანუელ მაკრონი გამონაკლისი არ არის. საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორისაც. სანამ იქნებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული ამ დღის სამახსოვრო ფოტო - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ქართველ კოლეგას გაესაუბრა. კომუნიკაცია შედგა ევროკავშირის წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასთან. შემდეგ იყო ფოტოც.

სანამ მრგვალი მაგიდის გარშემო ლიდერები კონტინენტზე უსაფრთხოების გზების ძიებაზე ისაუბრებდნენ, ფორმატი პოლიტიკოსებმა კომუნიკაციისთვის გამოიყენეს. პერსონალური საუბარი შედგა მთავრობის მეთაურსა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შორის.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი და სერბეთის პრეზიდენტი - ირაკლი კობახიძე მათაც ესაუბრა. საქართველოს პრემიერთან შეხვედრას ალექსანდრ ვუჩიჩი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ოფიციალურ და არაოფიციალურ ფორმატში კომუნიკაცია 30-მდე ევროპელ ლიდერთან შედგა. საუბარი რომ საქართველოსთვის აქტუალურ და პრიორიტეტულ საკითხებს შეეხებოდა, ეს მთავრობის მეთაურმა დაადასტურა.

სამხრეთ კავკასია და რეგიონში სტაბილურობა რომ ევროპის კონტინენტისთვის პრიორიტეტული საკითხია, ამაზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა. ალენ ბერსემ აქცენტი გააკეთა ირაკლი კობახიძესთან კომუნიკაციის შესაძლებლობაზე.

როცა ლიდერები კავკასიის რეგიონში მდგრადი მშვიდობის აუცილებლობაზე საუბრობენ, ამ პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან ფაქტორსაც ადასტურებენ. სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესში, ჩვენმა ქვეყანა მედიატორის როლი იკისრა და შეხვედრებსაც უმასპინძლა - მსოფლიოს ახსოვს თბილისი, როგორც შერიგების ქალაქიც.

ქვეყანა, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდად უნდა იქცეს - საქართველოს მიმართ ინტერესი რომ მუდმივად მზარდია, ამას გეოპოლიტიკური მოცემულობაც მოწმობს. სწორედ ქვეყნის ინტერესებზე ისაუბრა მრგვალი მაგიდის ფორმატში ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო პლატფორმიდან ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. მსოფლიო ახალი წესრიგის დამყარების კვალდაკვალ, სამიტი ევროპის წინაშე მდგარი გამოწვევების განხილვას დაეთმო.

როგორ ხედავს საქართველო ევროპის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე ევროპის მომავალს - ქვეყნის პირველი დიპლომატი ადასტურებს, რომ პრემიერის ყველა შეხვედრაზე ყურადღება სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა.

ის რაც მოხდა ტირანაში, არ დარჩა ტირანაში - მსოფლიო მედიას არც სამიტი და არც შეხვედრის დეტალები გამორჩენია. ვრცელ სტატიაში "ევრონიუსი" წერს, რომ ევროპელ ლიდერებთან ირაკლი კობახიძის გამოჩენა მნიშვნელოვანი ცვლილებაა ევროკავშირთან საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებში და პოტენციური დათბობის ერთგვარი სიგნალია.

რიგით მეექვსე სამიტი, ერთი დღე, თუმცა ბევრი შეხვედრა და ბევრი დისკუსია. დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა შეცვალოს მშვიდობა ომმა და როგორ უნდა გახდეს ევროპის კონტინენტი უსაფრთხო. უკრაინაში ომის დაწყების გამო შექმნილი ფორმატი სამი წლის შემდეგაც სწორედ ამ გამოწვევებზე მსჯელობს, 6 თვეში მორიგი შეხვედრაა ჩანიშნული, ამჯერად ევროპელი ლიდერები დანიაში შეხვდებიან. სანამ იქნება კოპენჰაგენი, ევროპელ ლიდერებს საკუთარი გამოცდილება საქართველომ უკვე გაუზიარა - ქვეყანამ, რომლისთვისაც უწყვეტი მშვიდობა მთავარი პრიორიტეტია, ამ მშვიდობის ფასი კი ყველაზე კარგად იცის.

დღის ამბები