
კანი - კინომოყვარულთა სამოთხე საფრანგეთის რივიერაზე, თითქმის საუკუნეა კინომანებისთვის ჯადოსნური პერიოდი კალენდარზე ყოველი წლის მაისში აღინიშნება.
ამ დროს მსოფლიო კინოს მეგაპოლისში ერთად იყრიან თავს კინოვარსკვლავები, კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები, კინოინდუსტრიის გავლენიანი პირები თუ უბრალო კინომოყვარულები. ყველაზე მეტად სწორედ ამ პერიოდში მცირდება მათ შორის მანძილი.
კინოისტორიაში კანის ფესტივალის თავფურცელი 1939 წელს ჩაიწერა, მაშინ, როდესაც დაიბადა იდეა, მაგრამ იდეის განხორციელებას ხელი შეუშალა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ. ფესტივალის ისტორიის 7 წლიანი პაუზაც ომის მატიანემ ამოავსო და დიად იდეას ხორცი 1946 წელს შეესხა. ავტორებისთვის მნიშვნელოვანი იყო, მას იმჟამინდელი ყველაზე პრესტიჟული ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის გაეწია ღირსეული კონკურენცია. იყო ვერსიაც, რომ ღონისძიება ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ბიარიცში ჩატარებულიყო.
1950-იანი წლებიდან ფესტივალმა მნიშვნელოვანი განვითარება შეძლო, იქცა მართლაც საერთაშორისო კინოს მთავარ სივრცედ. ის ინდუსტრიაში ერთგვარ სტანდარტებსაც კი ადგენდა. სწორედ კანის კინოფესტივალზე აღმოაჩინა მსოფლიომ არაერთი ამომავალი ვარსკვლავი.
ფესტივალის მთავარი სიმბოლო - პალმის რტო, პირველად 1955 წელს გამოჩნდა, ჯილდოს დიზაინი პარიზელ იუველირს ლუსიენ ლაზონის ეკუთვნის.
მრავალწლიანი ისტორიის ფესტივალი დღეს უკვე მსოფლიო პოპ-კულტურის მთავარი მოვლენაა.
მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის იდეა წლის საუკეთესო კინოსურათების აღმოჩენა და საუკეთესოთა შორისო საუკეთესოების დაჯილდოებაა, მთავარ ინტერესს წლიდან წლამდე მაინც წითელი ხალიჩა იწვევს.
სწორედ წითელ ხალიჩას უკავშირდება ფესტივალის მთავარი შეზღუდვებიც ანუ დრესკოდი, რომელიც კინომოვლენას გასული საუკუნიდან მოჰყვება და წლებთან ერთად კიდევ უფრო მკაცრდება.
ჩაცმულობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დამრღვევები ფესტივალს ბევრი ახსოვს.
ღონისძიების პირველი ურჩი სტუმარი პაბლო პიკასო იყო 1953 წელს, როდესაც ლეგენდარული მხატვარი კინოფესტივალზე ქურთუკით მივიდა, მას ამის გამო წითელ ხალიჩაზე გავლის აკრძალვა ვერ გაუბედეს.
შემდეგ მსგავსი ისტორია ბევრი იყო.
ტილდა სუინტონმა გვერდი აუარა პროტოკოლს და აირჩია ბადეებიანი ჩანთა, რომელიც წითელ პოდიუმზე იკრძალება.
დრესკოდი დაარღვია ჯულია რობერტსმა, როდესაც ხალიჩაზე ფეხშიშველი გამოჩნდა.
კრისტენ სტიუარტმა ქუსლიანი ფეხსაცმელი წითელ ხალიჩაზე გაიხადა და განაცხადა, რომ თუ კაცებს არ აქვთ ამის ვალდებულება, არც ქალებს უნდა ჰქონდეთ.
DJ კიდი სმაილი დემონსტრაციულად, ქალის კაბით მივიდა.
პრო-უკრაინელმა აქტივისტმა კი ჯერ წითელი საღებავი გადაისხა, შემდეგ კაბის დემონსტრაციულად გახდა სცადა.
ეს ყველაფერი ყურადღების მიქცევის, ეპატაჟის შექმნისა თუ პროტესტის გამოხატვის ფორმებია, რასაც ხარისხიან კინოზე ორიენტირებული ფესტივალი მკაცრად ემიჯნება.
სავარაუდოდ, სწორედ ამ შემთხვევებმა იქონია გავლენა საფესტივალო წესდების შეცვლაზე და წელს, გახსნის ცერემონიამდე მხოლოდ 1 დღით ადრე განახლდა სამოსის კოდექსი, რასაც წესით უნდა აერია წინასწარ დაგეგმილი ლუქები, მაგრამ პირიქით, გულდასმით შერჩეული სამოსი სტუმრებს არ შეუცვლიათ, ისინი უბრალოდ დრესკოდის დამრღვევების დიდ სიას შეუერთდნენ.
წელს ახალი წესებით აიკრძალა სიშიშვლე და "მოძრაობისთვის ხელის შემშლელი მოცულობითი კაბები".
ამ ცვლილებასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება მოუწია წლევანდელი ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეს, ფრანგ ჟიულიეტ ბინოშს, რომელიც წითელ ხალიჩაზე თავად მოკრძალებული სამოსითა და მასთან ინტეგრირებული თავსაბურავით იყო წარმოდგენილი.
ერთი დღით ადრე შეცვალა დიდი ხნით ადრე შერჩეული კაბა ჰოლი ბერიმ, მან ეს მსხვერპლი, სავარაუდოდ, ჟიურის წევრის სტატუსის გამო გაიღო.
დრესკოდი არა მხოლოდ ვარსკვლავებს ეხებათ. სპეცსამოსით გადაადგილდება ხალიჩაზე გუნდი, რომელიც მიუთითებს სტუმრებს საით წავიდნენ, სად დადგნენ, სად იპოზიორონ კამერებთან და როგორ აარიდონ თავი ფანების თავდასხმას.
დრესკოდი არსებობს ჟურნალისტთა მხოლოდ ძალიან ვიწრო ჯგუფისთვისაც. განსაკუთრებით გაუმართლათ ჟურნალისტებს, რომლებიც შავებში არიან წარმოდგენილები და აქვთ სპეციალური აკრედიტაცია. გაცილებით წარმომადგენლობითია მედია კორპუსი უკანა სივრცეში თავისუფალი ჩაცმის სტილით, სადაც არც დრესკოდი მოქმედებს და სამუშაო პირობებიც გაცილებით რთულია. კანის კინოფესტივალზე სხვა საერთაშორისო და გავლენიან მედიასაშუალებებთან ერთად, 2 წარმომადგენელი ჰყავს "რუსთავი 2-ს" პატარა საქართველოდან.
გარდა ჩაცმასთან დაკავშირებული ცვლილებისა, წელს აჟიოტაჟი გამოიწვია 2-მა პოსტერმა. კინოფესტივალის ისტორიაში პირველად იყო 2 და არა ერთი, თუმცა ბანერის იდეა ერთია "ქალი და მამაკაცი", უბრალოდ ორი პერსპექტივიდან, სხვადასხვა რაკურსით.
ეს არის 87 წლის რეჟისორის კლოდ ლელუშის ფილმის სპონტანურად გადაღებული ფინალური კადრი, სადაც ამბობენ: "ამ ეპოქაში, სადაც ადამიანები ადვილად იყოფიან, გამოირჩევიან და იჩაგრებიან, კანის კინოფესტივალი მიჰყვება ჰარმონიას".
კანის კინოფესტივალს ჰარმონიულად ერწყმის სხვადასხვა ქვეყნების კინოისტორიები, მაგრამ მაინც თვალშისაცემად დომინირებს ჰოლივუდი.
წლევანდელი საპატიო ოქროს პალმის რტოც ამერიკელ ლეგენდას, რობერტ დე ნიროს გადაეცა, რომელსაც ფესტივალთან ნახევარსაუკუნოვანი თანაცხოვრება აკავშირებს.
ფრანგულ ლაჟვარდოვან სანაპიროზე 2 კვირის განმავლობაში ერთმანეთს ანაცვლებს კინოჩვენებები, მასტერკლასები, ვორქშოფები და პრესკონფერენციები, რაც არის სამზადისი 24 მაისის დახურვის ცერემონიისთვის.
წლევანდელ პროგრამაში სხვადასხვა სექციაში 50 ფილმია. მთავარ ჯილდოზე კი 21 ნომინირებს.
მას შემდეგ, რაც წლის საუკეთესო კინო გამოვლინდება და სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოებს დააჯილდოებენ, კანი კვლავ ჩვეულებრივ საკურორტო ქალაქად გადაიქცევა და დაელოდება მომავალ მაისს, კინოფესტივალის 79-ე ღონისძიებას.