
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თურქეთში მიმდინარე პროცესს ახლო აღმოსავლეთიდან აკვირდებოდა. საუდის არაბეთი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები - ოთხდღიანი ვიზიტის მთავარი მიზანი რეგიონთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და ინვესტიციების მოზიდვა იყო.
სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ხელი მილიარდობით დოლარის ღირებულების შეთანხმებებს მოეწერა. ამერიკულმა კომპანიებმა რეგიონის სახელმწიფოებთან კონტრაქტები თავდაცვის, ავიაციისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გააფორმეს.
შტატების ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის კონტურები თანდათან უფრო მკვეთრი ხდება, დონალდ ტრამპი პირდაპირ ამბობს, რომ აპირებს შექმნას მსოფლიოს გეოგრაფიული ცენტრი და აყვავებული ახლო აღმოსავლეთი.