
"ნაციონალური მოძრაობის" აღიარებად აფასებს "ქართული ოცნება" ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე 200 000 ხმა მიიღო.
მმართველ გუნდში დღეს გაიხსენეს "ლელოს" და გახარიას პარტიის წევრების ანალოგიური შინაარსის განცხადებები და თქვეს, რომ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და თან ასახელებს პროცენტებსა და ხმების რაოდენობას, რომელიც მათმა პარტიებმა აიღეს.
"წარმოუდგენელია, 12 საათის განმავლობაში რამე ყოფილიყო გაყალბების მსგავსი და ვერავის გაეგო, ან შეემჩნია და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ამ ყველაფერს არ მოჰყოლოდა. ეს კიდევ ერთი ტყუილია, რომელიც ოპოზიციას უნდოდა, რომ საკუთარი ამომრჩევლისთვის დაეჯერებინა. ეს ყველაფერი აქციაზე უკვე აისახა. ოპოზიცია ისევ აპირებს, რომ ამომრჩეველი მოატყუოს. ანა წითლიძის აღიარება მხოლოდ სიმართლის თქმაა, რაც ყველაზე კარგად თავად ოპოზიციონერებმა იციან,"- აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.