
"ნაციონალური მოძრაობის" აღიარებად აფასებს "ქართული ოცნება" ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე 200 000 ხმა მიიღო.
მმართველ გუნდში დღეს გაიხსენეს "ლელოს" და გახარიას პარტიის წევრების ანალოგიური შინაარსის განცხადებები და თქვეს, რომ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და თან ასახელებს პროცენტებსა და ხმების რაოდენობას, რომელიც მათმა პარტიებმა აიღეს.
"ანა წითლიძის მხრიდან მოხდა პირდაპირი აღიარება, რომ არანაირი არჩევნები არ გაყალბებულა. სწორედ ცესკო-ს მიერ დადგენილი შედეგები არის რეალური და ნამდვილი. სწორედ ამ პროპორციას ესადაგება წითლიძის ეს განცხადება.
სხვათა შორის, ბოლო პერიოდში წითლიძე გულწრფელობით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, არანაირი არჩევნები არ გაყალბებულა. რა თქმა უნდა, იყო სრული სიმართლე ის, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა არჩევნების შემდგომ შემაჯამებელ ოქმში და ყველაფერი, რაც მას შემდგომ გაკეთდა და განხორციელდა, ეს იყო ტყუილის დემონსტრირება, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება და სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა იმ დიდ უბედურებაში გახვეულიყო, რაც, სამწუხაროდ დღესაც გრძელდება ჩვენს მეგობარ უკრაინაში," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.