24 ივნისი 2025,   11:25
ვრცლად
"ელჩმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქციები და არ უნდა დაემსგავსოს ოპოზიციის წარმომადგენელს" - გიორგი კახიანი გერმანიის ელჩის განცხადებაზე

"ელჩმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქციები და არ უნდა დაემსგავსოს ოპოზიციის წარმომადგენელს. ასეთი განცხადებები შეიძლება იყოს გარკვეულწილად სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, რითაც გერმანიის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.

"ფაქტობრივად, გერმანიის ელჩმა იმ პოზიციით, რომელიც დააფიქსირა, აღიარა, რომ ეს კონკრეტული ქმედება არის სამართალდარღვევა. აქამდე საუბარი იყო უკანონო პატიმრობაზე, ახლა გერმანიის ელჩის განცხადებებიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი გულისხმობს, დაკავება იყო ლეგიტიმური, თუმცა ამჯერად ფიქრობს, რომ 4-თვიანი პატიმრობა უნდა იყოს საკმარისი.

ელჩმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქციები და არ უნდა დაემსგავსოს ოპოზიციის წარმომადგენელს. ასეთი განცხადებები შეიძლება იყოს გარკვეულწილად სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა და, ამავდროულად, მიუთითებს იმ ორმაგ სტანდარტზე, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ. რა თქმა უნდა, ასეთი [პოლიციელისთვის სახეში გარტყმისთვის] ქმედებისთვის გერმანიაში ძალიან მკაცრი პასუხისმგებლობის ქვეშ დადგებოდა ესა, თუ ის მოქალაქე," - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ცნობისთვის, პიტერ ფიშერმა ინტერვიუ "ბათუმელებს" მისცა. დიპლომატის განცხადებით, გერმანიაში სამართალდამცველებზე ან სახელმწიფო მოხელეებზე ძალადობა უკანონოა, მზია ამაღლობელის შემთხვევაში კი მთავარი კითხვა ეხება პატიმრობის ხანგრძლივობასა და დანაშაულის პროპორციულობას. მმართველ გუნდში დიპლომატის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობენ, იმ ფონზე, როდესაც, მათი თქმით, ელჩი აღიარებს, რომ ეს ქმედება მის ქვეყანაში დასჯადია.

დღის ამბები