22 ივნისი 2025,   13:05
ვრცლად
წამება, არაადამიანური მოპყრობა, განსხვავებული აზრის დევნა - 26 მაისის მოვლენებს დღეს დაზარალებულები და სასტიკად ნაცემი პირები საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იხსენებდნენ

წამება, არაადამიანური მოპყრობა, განსხვავებული აზრის დევნა სასტიკი მეთოდებით და სამაგალითო დასჯა - 26 მაისის მოვლენებს დღეს დაზარალებულები და სასტიკად ნაცემი პირები იხსენებდნენ. დავით ჭიჭინაძე, რომელიც 14 წლის წინ სამართალდამცავების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს სპეცრაზმის კორიდორში ატარებდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ყველა პირი, ვინც დღეს საგამოძიებო კომისიაზე გამოჰკითხეს, პოლიციის მხრიდან განსაკუთრებულ სისასტიკესა და ძალადობაზე საუბრობდა. მათ შორის ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონი ლუკა კურტანიძე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი კინო "რუსთაველთან" გახდა. კურტანიძე იხსენებს, რომ სადამსჯელო ოპერაციას კუდის მაშინდელი მაღალჩინოსანი, დათა ახალაია პირადად ხელმძღვანელობდა.

წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიამ დღეს პარლამენტის ყოფილ წევრსაც მოუსმინა. დავით ლორთქიფანიძემ 14 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და იმ ადამიანების ისტორია გაიხსენა, ვისი ცხედრებიც აქციის დარბევის მეორე დღეს იპოვეს.

ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან განხორციელებულ სადამსჯელო ოპერაციაზე დღეს "სახალხო კრების" სხვა წევრებმაც ისაუბრეს. გია ბურჯანაძე იხსენებს, რომ სამართალდამცავები უსწორდებოდნენ ყველას, ვინც ქუჩაში იყო გამოსული და წინა ხელისუფლების დანაშაულებს აპროტესტებდა.

24-ე სხდომაზე საგამოძიებო კომისიამ 5 დაზარალებული გამოჰკითხა. კომისია იკვლევდა - არსებობდა თუ არა მშვიდობიანი აქციის დარბევის წინაპირობა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2011 წლის 26 მაისს.

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი. 

დღის ამბები