
ათობით ათასმა მოქალაქემ ღამე ბუქარესტის პროევროპელი კანდიდატის საარჩევნო შტაბთან გაათენა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადებას, ნიკუშორ დანის მომხრეები ქუჩაში ოვაციებით შეხვდნენ. ხმების 99%-ის დამუშავების შემდეგ გაირკვა, რომ ცენტრისტ დამოუკიდებელ კანდიდატს და ბუქარესტის მოქმედ მერს ამომრჩევლების 54-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა.
არჩევნების შედეგები უკვე აღიარა პირველ ტურში გამარჯვებულმა კანდიდატმა. 38 წლის მემარჯვენე ჯორჯ სიმიონმა, რომელმაც 4 მაისს ჩატარებულ კენჭისყრაზე, ნიკუშორ დანიზე ორჯერ მეტი ხმა მოიპოვა. მედია წერს, რომ მეორე ტურში სიმიონის დამარცხებაში განსაკუთრებული ფუნქცია დიასპორის აქტიურობამ შეასრულა. საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე მილიონ ოთხასი ათასზე მეტი ამომრჩეველი მივიდა. შედეგად ნიკუშორ დანიმ 83 ქვეყანის საარჩევნო უბნებზე გაიმარჯვა, სიმიონმა კი - 11-ში.
კვირას ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთშიც. დარეგისტრირებული 13 კანდიდატიდან ვერც ერთმა ამომრჩეველთა ხმების ნახევარი ვერ მიიღო, რის გამოც მეორე ტური ჩატარდება. პოსტზე მთავარი პრეტენდენტი მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ვარშავის მოქმედი ლიბერალი მერი რაფალ ტრშასკოვსკია, მან ამომრჩეველთა ხმების, 31.36%-ის მოიპოვება შეძლო.
ტრშასკოვსკის მთავარმა კონკურენტმა "პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის" დირექტორმა კაროლ ნავროცკიმ, ამომრჩეველთა ხმების 30% აიღო. მას მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია "კანონი და სამართლიანობა".
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1 ივნისს ჩატარდება. ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 29 მილიონ მოქალაქეს აქვს. კენჭისყრაზე გამარჯვებული კანდიდატი კი პოსტზე მოქმედ პრეზიდენტს, ანდჯეი დუდას შეცვლის, მას პრეზიდენტობის მეორე ვადა აგვისტოში ეწურება.
კვირას საკუთარი ნების გამოსახატად პორტუგალიაშიც საარჩევნო უბნებზე ათი მილიონი მოქალაქე მივიდა. ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც "ცენტრისტულ-მემარჯვენე დემოკრატიულმა" ალიანსმა გაიმარჯვა, 230 დეპუტატიან საკანონმდებლო ორგანოში კოალიციას 89 მანდატი აქვს, ორმა უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ კი 58-58 ადგილი აიღო.