
ევროკომისიიდან თბილისმა დღეს ახალი გზავნილი მიიღო. დოკუმენტი, რომელშიც ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებაზეა საუბარი, რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. 2025 წლის გაზაფხულის ანგარიშში წერია, რომ გასულ წელს საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა 9,4 %-ით განისაზღვრა. ინვესტიციების მომატებული მაჩვენებელი, საწარმოების ეფექტური შედეგები, დასაქმების პოზიტიური დინამიკა - მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქცენტს ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს წარმატებულ ნაბიჯებზე აკეთებს.
ანგარიშში წერია ისიც, რომ გამოქვეყნებულ პროგნოზს ქვეყნის შიდა პოლიტიკური მოვლენებისა და რეგიონში გეოპოლიტიკური დაძაბულობის თვალსაზრისით, გაურკვევლობაც ახლავს, თუმცა ეკონომიკის მიმართულებით სამომავლო პროგნოზიც დადებითია. დოკუმენტში აქცენტები არსებული პოზიტიური დინამიკის მთავარ ფაქტორებზე კეთდება.
ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდასთან ერთად, სახელისუფლებო გუნდში აქცენტს შრომის ბაზრის ვითარების გაუმჯობესებაზე, ხელფასების ზრდაზე, ფისკალურ დეფიციტსა და კლებად სახელმწიფო ვალზე აკეთებენ. ამბობენ, რომ საქართველომ რეგიონში არსებული ეკონომიკური შესაძლებლობები სწორად გამოიყენა. ავტორიტეტული ორგანიზაციის მონაცემებს სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის ნაწილი.
გლობალურ ეკონომიკაში რომ საქართველოს ეკონომიკა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღებას იპყრობს, საუბრობენ ექსპერტებიც. ანალიტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა ზრდას მომავალ თვეებშიც გააგრძელებს.
საერთაშორისო რეიტინგების ფონზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს ეკონომიკის ზრდის განახლებულ მონაცემებს, მიმდინარე თვის ბოლოს გამოაქვეყნებს.