
გახარია, ხაზარაძე და ახლა უკვე ანა წითლიძე - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, მესამე ბარიერგადალახული პარტიის რიგით მესამე პოლიტიკოსია, ვინც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები აღიარა. საუბარია ანა წითლიძის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის პარტიამ, არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 10%-ი მიიღო. პოლიტიკოსის ეს პოზიცია "ქართული ოცნებისთვის" მორიგი დასტურია, რომ შედეგებთან დაკავშირებით შეკითხვები არც ქვეყნის შიგნით ოპოზიციას და არც მათ დასავლელ პარტნიორებს არ უნდა ჰქონდეთ.
არჩევნების საბოლოო შედეგებზე ანა წითლიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა და ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26 ოქტომბერს, ჯამში 200 000-ზე მეტი ხმა მიიღო.
ამ განცხადების შემდეგ, უკვე დღეს, ანა წითლიძე მედიასთან აღარ გამოჩენილა, მისმა თანაგუნდელებმა კი დაბნეულობა ვერ დამალეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ არჩევნების შედეგებს პარტიაში არავინ აღიარებს და წითლიძის განცხადების შინაარს ვერ ხსნის.
წითლიძის პოზიციის გამართლება უჭირთ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც, სადაც ისევ ამტკიცებენ, რომ არჩევნების მანიპულაციის არაერთი მტკიცებულება აქვთ.
ოპონენტებს, დღეს, "ქართული ოცნებიდან" კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ შესაძლო მანიპულაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები მათ ვერც პროკურატურაში და ვერც სასამართლოში წარადგინეს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ცესკოს შედეგები რეალობას ასახავს და ეს თავად ოპოზიციონერმა ანა წითლიძემაც დაადასტურა.
ცესკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა ხმების 10,17% , ანუ 211 216 ხმა მიიღო.