
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ განიხილავენ და მიიჩნევენ, რომ არსებულ ფონზე საარჩევნო პროცესში შესვლა არც პროტესტის გაძლიერებას წაადგება და არც საერთო ოპოზიციურ ფლანგს.
როგორც ანა წითლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არმინიჭების შემდეგ, თანმიმდევრული ნაბიჯი იქნება ის, რომ "ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებშიც მარტო დარჩეს.
"ჩვენ ამ შესაძლებლობას არ განვიხილავთ. მე ვთქვი და გავავრცელე ეს ინფორმაცია, რომ პოლიტიკური პარტიები, მათ შორის "ლელო" არჩევნებისთვის ემზადება. ჩვენი ამოსავალი წერტილი ამ ყველაფერში არის ის, რომ რეჟიმთან არანაირი კუთხით თანამშრომლობა არ შეიძლება. ის, რომ ჩვენ პარლამენტში არ შევედით და პარლამენტს ლეგიტიმაცია არ მიენიჭა, ამან მეტწილად განსაზღვრა, მათ შორის, საერთაშორისო ლეგიტიმაციის საკითხი. ოპოზიცია პარლამენტში რომ შესულიყო, მაშინ საერთაშორისო დონეზე ლეგიტიმაციის საკითხი იქნებოდა უფრო პრობლემური. პარლამენტში შესვლა ნიშნავს, რომ ამ ყველაფერს აღიარებ. ახლა ამის თანმიმდევრულად განვითარება იქნება ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რეჟიმი დარჩეს მარტო. რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობა, რომელმაც არანაირი შესაძლებლობა არ დატოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, ეს იქნება მათივე მოედანზე თამაში. აქამდე საარჩევნო სისტემაში არაფერი შეცვლილა, თუ არ გაუარესდა და კიდევ უფრო მეტად გააუარესეს. მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს, მაშინ როდესაც არც ერთ მაღალჩინოსანს პასუხი არ უგია დალეწილ და ნაცემ ადამიანებზე, მაშინ როდესაც "ოცნებას" არც ერთი საარჩევნო ცვლილება არ განუხორციელებია და არანაირ დათმობაზე არ წამოსულა, ამ ფონზე რეჟიმის პირობებში საარჩევნო პროცესში შესვლა, ჩვენი რწმენით, არის ის, რაც არ წაადგება არც პროტესტის გაძლიერებას და არც საერთო ოპოზიციურ ფლანგს", - განაცხადა ანა წითლიძემ.