
მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები 2003- 2012 წლებში - დროებით საგამოძიებო კომისიაზე დღეს გიორგი იაკობაშვილს, ვახტანგ ხუზმიაშვილს, გიორგი მამაცაშვილს, ბექა სივსივაძესა და ბონდო მძინარაშვილს მოუსმენენ.
მმართველი გუნდის განცხადებით, კომისია კიდევ ერთხელ დაეხმარება საზოგადოებას, გაიხსენოს, რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს და როგორ ირღვეოდა ადამიანის უფლებები.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დღევანდელ კომისიაზე მოუსმენენ იმ ადამიანებს, რომლებიც მოყვებიან, თუ როგორ ირღვეოდა როგორც მედიის წარმომადგენლების, ისე ზოგადად ადამიანის უფლებები 2003-2012 წლებში.
"ჩვენ მოვუსმენთ იმ ადამიანებს, რომლებიც პირველწყაროდან მოუყვებიან კომისიას, თუ როგორ ირღვეოდა როგორც მედიის წარმომადგენლების, ისე ზოგადად ადამიანის უფლებები და როგორ იყო მედია სივრცე დატერორებული თავიდან ბოლომდე 2003-2012 წლებში. საგამოძიებო კომისია აკეთებს იმ საქმეს, რომლითაც პრაქტიკულად პარალელურ რეჟიმში შიშვლდება თავიდან ბოლომდე "ნაციონალური მოძრაობის" როგორც 2003-2012 წლებში, ისე 2012 წლის შემდგომ მათი რეალური სახე“, - აცხადებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი გურამ მაჭარაშვილი.