
ბრიტანელმა ალპინისტმა, კენტონ კულმა საკუთარი რეკორდი მოხსნა - ის გახდა პირველი ადამიანი, რომელიც შერპების ეთნიკურ ჯგუფს არ მიეკუთვნება და მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთა - ევერესტი მე-19-ედ დაიპყრო, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
51 წლის მთამსვლელმა, რომელსაც ნეპალელი შერპა დორჯი გიალჯენი ახლდა თან, 8,849 მეტრის სიმაღლის მწვერვალს კვირას, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მიაღწია.
მედიის ინფორმაციით, ბრიტანელი მთამსვლელი ევერესტზე პირველად 2004 წელს ავიდა და მას შემდეგ, თითქმის ყოველ წელს ადიოდა.
აღსანიშნავია, რომ დორჯი გიალჯენმა ევერესტზე 23-ედ ასვლა დააფიქსირა. კიდევ ერთი ნეპალელი შერპა, კამი რიტა, ევერესტზე 30-ჯერ ავიდა, რითაც შერპებს შორის რეკორდსმენი. ამჟამად ის კვლავ მთაზე იმყოფება და ახალი რეკორდის დამყარებას ცდილობს.
ცნობისთვის, შერპები ჰიმალაის მაღალმთიან რეგიონში, ძირითადად ნეპალში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფია. ისინი მთამსვლელებს გზის გაკვლევაში ეხმარებიან.