19 ივნისი 2025,   16:27
ვრცლად
გირაოს გადახდა ან საპატიმროში წასვლა საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო - რომელ გზას აირჩევენ ოპოზიციონერები ლიდერები

პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისთვის დაკისრებული გირაო - მორალურ უპირატესობას ნიკა გვარამია იმ ოპოზიციონერი კოლეგების წინაშე გრძნობს, რომლებმაც გირაო უკვე გადაიხადეს და ან ამ დრომდე ყოყმანობენ. კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ვადა 7 ივნისამდე აქვს, თუმცა აცხადებს, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

სხვებში გიორგი ვაშაძე იგულისხმება, რომელიც საკუთარმა კოლეგებმა უკვე განსაჯეს - მას შემდეგ, რაც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა საჯაროდ თქვა, რომ გირაოს გადახდაზე ფიქრობს, რადგან მიაჩნია, რომ პოლიტიკური პროცესისთვის ყველას ციხეში ყოფნა მომგებიანი ვერ იქნება.

ნიკა მელია, რომელმაც ერთხელ უკვე არ გადაიხადა და დაიჭირეს, ამბობს, რომ პოლიტიკოსები უკომპრომისო ბრძოლაში კომპრომისზე არ უნდა წავიდნენ. ღირსეულს უწოდებს ოპოზიციის იმ წარმომადგენელთა გადაწყვეტილებას, რომლებმაც არ გადაიხადეს და არც აპირებენ.

იყო თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება კომპრომისზე წასვლა? - "ლელოში" აცხადებენ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ სხვებზე ნაკლებად არ იბრძვიან. იმის მიუხედავად, რომ მათი ლიდერები პირველები იყვნენ, რომელთაც საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადებისთვის შეფარდებული გირაო გადაიხადეს. დაადგება თუ არა ვაშაძეც ხაზარაძე-ჯაფარიძის გზას? - "სტრატეგია აღმაშენებელში" ჯერ არ იციან.

"ქართულ ოცნებაში" არ უკვირთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ მათი ოპონენტები ვერც გირაოს გადახდის საკითხზე თანხმდებიან. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ შიდადაპირისპირების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილს, საგარეო პოლიტიკური პიარისთვის, რისკზე წასვლა არ უნდა.

გირაოს გადახდაზე უარის გამო გასულ კვირას ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია. გადაიხდის თუ არა გირაოს გიორგი ვაშაძე? - ეს, სავარაუდოდ, უკვე ხვალ გაირკვევა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის სასამართლო პროცესი 22 მაისს გაიმართება.

დღის ამბები