
საქართველო თავისი უძველესი ისტორიით, უნიკალური კულტურითა და მრავალფეროვანი ბუნებით, ევროპის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ აღმოჩნდება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში მასშტაბურ, მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს, რომელიც მსხვილ ავიაკომპანიებთან, მედია პლატფორმებთან და ინფლუენსერებთან თანამშრომლობას მოიცავს.
კამპანიის ფარგლებში, თითოეულ ბაზარზე ყოველთვიურად კომუნიკაცია 20-ზე მეტ პოტენციურ პარტნიორთან შედგება. მსოფლიოს წამყვან ტუროპერატორებთან კი ვორკშოპები, ვებინარები და შეხვედრები გაიმართება, ურთიერთობები დამყარდება, როგორც ინდივიდუალურად ასევე მსხვილ საერთაშორისო ტუროპერატორებთან.
ახალი კამპანიის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია British Airways-თან თანამშრომლობს.
ლონდონის აეროპორტში საქართველოს შესახებ ვიდეორგოლებისა და ფოტო კოლაჟების ჩვენება უკვე დაიწყო. ავიაკომპანიის ბორტებზე მგზავრებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი 30 წამიანი ვიდეოების ნახვა შეუძლიათ.
ბრიტანული ბაზრისთვის National Geographic სტატიებს ამზადებს, ხოლო ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი ქართული გასტრო ტურიზმის შესახებ ვიდეორგოლებს გადაიღებს. მარკეტინგული კამპანია სტარტს მაისიდან აიღებს და მთელი წელი გაგრძელდება იმ მთავარი აზრით, რომ ევროპელების ინტერესი საქართველოს მიმართ რეალურ ვიზიტად გარდაიქმნას.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.