
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ 2012 წლამდე მედიის დევნა და შევიწროება - დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ტელეკომპანია "იმედის" მფლობელს, ირაკლი რუხაძეს მოუსმენენ.
მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ კომისია საზოგადოებას სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გახსენებაში ეხმარება. დავით მათიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა კარგად გაიაზრონ, რა ხდებოდა ქვეყანაში 2003-2012 წლებში.
"საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ რა დღეში ჩააგდეს ტელეკომპანია "იმედი", როგორ ხდებოდა მედიასა და ბიზნესზე ზეწოლა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში. კიდევ კომისიის სხდომები და ბევრი ტრაგიკული მოვლენების გახსენება, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა, საზოგადოებამ ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიაზროს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, ვინც ვერ მოესწრო მისი ასაკიდან გამომდინარე," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
ოპოზიცია ყურადღებას კვლავ კომისიის არალეგიტიმურობაზე ამახვილებს.
"ჩვენთვის ამ ე.წ. კომისიის საქმიანობა უკვე აღარ არის საინტერესო. რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის არალეგიტიმური კომისია, იმიტომ რომ ეს არის ნახევრად სიმართლის კომისია და კიდევ იმიტომ რომ მათ შეცვალეს დღის წესრიგი და გამოაცხადეს, რომ თურმე 2012 წლის შემდეგ პერიოდსაც იძიებენ,“ - აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე.