
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოსმენამ ხმაური ფონზე ჩაიარა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც მარკო რუბიომ ისაუბრა, უკრაინაში ამერიკის მთავარი გამოწვევაა. მისი თქმით, რუსეთს ის უნდა, რაც ახლა არ აქვს და რის ფლობის უფლებაც არ გააჩნია, უკრაინას კი ის სურს, რისი დაბრუნებაც სამხედრო ძალით არ შეუძლია.
რუბიო მიიჩნევს, რომ ზუსტად ამიტომ, მიმდინარე კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს და ის მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს.
ამასთან ერთად, რუბიოს მოუწია ეპასუხა სენატორ ჯიმ შაჰინისთვის, რომელმაც განაცხადა, რომ, ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, პუტინს უკრაინის ტერიტორიების მიტაცების მეტი სტიმული გაუჩნდა.
"ცეცხლის შეწყვეტისთვის რუსეთის პრეზიდენტი არ გრძნობს ზეწოლას" - ამბობს შაჰინი. რუბიომ უპასუხა, რომ ტრამპი პუტინთან მიმართებით არცერთ დათმობებზე არ წასულა. სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ თუ ახლა სანქციების მუქარა დაიწყება, რუსეთი საუბარს შეწყვეტს.
რუბიომ ისაუბრა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზეც და თქვა, რომ კიევისთვის "პეტრიოტის" ტიპის სარაკეტო კომპლექსები არ აქვთ, თუმცა ამერიკა ნატო-ს მოკავშირეებთან მჭიდროდ მუშაობს, რომ ეს სისტემები უკრაინას მიაწოდონ.
სხდომაზე იყო მწვავე დაპირისპირებაც რუბიოსა და დემოკრატ სენატორ კრის ვან ჰოლენს შორის. ჰოლენმა ტრამპის საგარეო პოლიტიკა გააპროტესტა და განაცხადა, რომ "რუბიოს არჩევისთვის ხმის მიცემას ნანობს".
რუბიოს გამოსვლისას მოხდა ინციდენტიც. ორმა აქტივისტმა, რომელიც ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით შტატების პოლიტიკას აპროტესტებდა, მას გამოსვლა შეაწყვეტინა. ორივე პირს დარბაზი პოლიციამ დაატოვებინა. პროტესტის ფონზე მოუწია რუბიოს დარბაზში შესვლაც. მომხდარს გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, ჯიმ რიში. მან არ გამორიცხა, რომ მნიშვნელოვანი კანონდარღვევისთვის პროტესტის მონაწილეები დააპატიმრონ.