22 ივნისი 2025,   11:49
ვრცლად
"ზოგადად, ყველა პროტესტის მშვიდობიანობას ვემხრობი, 26 მაისის განსაკუთრებით" - თაზო დათუნაშვილი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს არეულობის და პროვოკაციების მოწყობის შესაძლებლობა არავის მიეცემა - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება 26 მაისს ოპოზიციის დაანონსებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით. თარიღის მოახლოებასთან ერთად, პარტიების ლიდერები, რომლებმაც შეკრება დაგეგმეს და ამ საკითხზე კონსულტაციებს სალომე ზურაბიშვილთან გადიან, საკუთარ გეგმებზე საჯაროდ საუბრობენ.

ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ ახსენა პროცესების რადიკალიზაცია, შენობების პიკეტირება, მსხვერპლი და ტყვიები.

გედევან ფოფხაძის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში. ოპოზიციის წარმომადგენლები მის განცხადებას ემიჯნებიან, რადიკალურ გეგმებს სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ პროტესტი მხოლოდ მშვიდობიანი ფორმებით უნდა იქნეს გამოხატული.

"ეს არის ერთობის დღე, ეს არის ზეიმის დღე, მე 26 მაისს ჩემს კოლეგებთან ერთად "ლელოდან," ჩემს 3 წლის გუკასთან ერთად მივიდე იქ, ველაპარაკო ჩემს შვილს იმაზე, თუ რას ნიშნავს 26 მაისი და ვიზეიმო საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ეს დღე. ზოგადად, ყველა პროტესტის მშვიდობიანობას ვემხრობი, 26 მაისის განსაკუთრებით," - აღნიშნა პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თაზო დათუნაშვილმა.

შეფასებები კეთდება გიორგი გახარიას გუნდშიც. მათი თქმით, 26 მაისს ბუნებრივია, იქნება პროტესტის დღე, თუმცა, მათივე განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემიჯნებით, მით უფრო 26 მაისს, მით უფრო 26 მაისს. როგორ შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამოიყენო ძალადობრივი აქციებისთვის. ჩვენ 26 მაისს ვიქნებით ხალხთან ერთად," - განაცხადა პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ.

დღის ამბები