
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წელიწადში 15,000-მდე კიბოთი დაავადებული პაციენტის მკურნალობა სწრაფი ინიექციით იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას the guardian-ი ავრცელებს.
ეს არის პირველი სამედიცინო სერვისი ევროპაში, რომელიც პაციენტებს იმუნოთერაპიული წამლის, "ნივოლუმაბის" საინიექციო ფორმას შესთავაზებს.
ინიექციის გაკეთებას 3-დან 5 წუთამდე დრო სჭირდება და 15 სხვადასხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგ გამოიყენება, მათ შორის, ფილტვის, ნაწლავის, თირკმელების, შარდის ბუშტის, საყლაპავის, კანის, თავისა და კისრის კიბოს შემთხვევაში.
მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ უკვე დაამტკიცა საინიექციო "ნივოლუმაბი", რომელიც ცნობილია როგორც "ოპდივო". ახალი მეთოდი პრეპარატის ინტრავენური წვეთოვანი გზით მიღების ალტერნატივა იქნება, რომელსაც ერთ საათამდე დრო სჭირდება.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადებით, პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობა ყოველ ორ კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ სჭირდებათ, ეს ნაბიჯი ყოველწლიურად მკურნალობის დიდ დროს დაუზოგავს.
პროფესორმა პიტერ ჯონსონმა, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ონკოლოგიის განყოფილების კლინიკურმა დირექტორმა, განაცხადა, რომ დროის დაზოგვა მედიკოსებს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მეტ პაციენტს უმკურნალონ და საავადმყოფოების რესურსებს განტვირთავს.