17 ივნისი 2025,   17:55
ვრცლად
სიტყვიერი შეურაცხყოფა ირაკლი ზარქუას მისამართით - უმრავლესობის დეპუტატი წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს და თავდასხმაში პარტია "დროას" წევრებს ადანაშაულებს

გინებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ადრესატი დეპუტატი ირაკლი ზარქუაა, რომელიც აქტივისტების თავდასხმის ობიექტი ბოლო რამდენიმე თვეში უკვე მესამედ გახდა. ზუგდიდის ცენტრში გადაღებული ვიდეომასალით ირკვევა, რომ კანონმდებელს უცენზურო სიტყვებით ჯერ სასტუმროს გასასვლელთან მიმართავენ, შემდეგ კი მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თანმხლებ პირებთან ერთად გადაადგილდება.

ამ ინციდენტის შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატმა საგამოძიებო უწყებას სამართლებრივი რეაგირებისთვის მალევე მიმართა. ირაკლი ზარქუა წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ მასზე თავდასხმაში ელენე ხოშტარიას პარტია "დროას" წევრები მონაწილეობდნენ, ვისი მიზანიც პროცესების რადიკალიზაციაა.

დეპუტატი "დროას" წევრ მარიამ სიჭინავას დედას გულისხმობს, რომელიც ამ დრომდე რუსეთის მოქალაქეა. ინფორმაციას ადასტურებს თავად აქტივისტიც. სიჭინავა, რომელიც ზუგდიდში საპროტესტო აქციებზე კანონით აკრძალული ნიღბების ტარები, გამო რამდენჯერმე დააჯარიმეს, არ უარყოფს, რომ ირაკლი ზარქუას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უფრო მეტიც, საქციელს არ ნანობს. დუმილს არჩევს მეორე ფიგურანტი - კერენ ესებუა. ის გერმანული "ბერგჰოფის" ფონდის ფასილიტატორი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა, რომელმაც დღეს მედიასთან კომენტარი არ ისურვა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ აქტივისტებმა დეპუტატის მიმართ სამართლიანი პროტესტი გამოხატეს. განსხვავებული პოზიცია აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებში.

უმრავლესობის დეპუტატზე მომხდარი თავდასხმა კატეგორიულად მიუღებელია პრემიერ-მინისტრისთვის. ხელისუფლება სრულ პასუხისმგებლობას ევროპელ ბიუროკრატებს აკისრებს, რომლებიც მათივე თქმით, ქვეყანაში ძალადობრივ ქმედებებს აფინანსებენ და ახალისებენ.

დეპუტატის შეურაცხყოფის ფაქტზე, საგამოძიებო უწყებამ მარიამ სიჭინავასა და კერენ ესებუას წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება, ირაკლი ზარქუას საჩივრის საფუძველზე უკვე დაიწყო. აქტივისტები დღეს ზუგდიდის პოლიციაში დაიბარეს და საქმის მასალები გადასცეს, მათ შორის დეპუტატისა და მისი თანმხლები პირების გამოკითხვის ოქმები და ვიდეო მასალა, რომელიც გამოძიებისთვის მთავარი მტკიცებულებაა.

დღის ამბები