13 ივნისი 2025,   08:48
ვრცლად
"ქართული ოცნების" კრიტიკა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან და მმართველი გუნდის პასუხი - დიპლომატის განცხადებას ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე თავდასხმად აფასებენ

ახალი არჩევნების დანიშვნისა და კონკრეტული კანონების გაუქმებისკენ საქართველოს ხელისუფლებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს. "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში კესტუტის ბუდრისი არსებული ვითარებიდან გამოსავალს მხოლოდ ხელახალი არჩევნების ორგანიზებაში ხედავს.

ლიეტუველი დიპლომატის განცხადებას თბილისში შეფასებები მალევე მოჰყვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ლიეტუვის საგარეო უწყება დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს და უცხო ძალების გავლენებზე საუბრობს.

მმართველ პარტიაში კესტუტის ბუდრისის განცხადებას, ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე თავდასხმად და ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობად აფასებენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი პოლიტიკა, ლიეტუვის გარდა, არჩეული აქვთ ბალტიისპირეთის სხვა სახელმწიფოებსაც.

მაგალითად ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება მოჰყავთ. მარკო მიჰკელსონმა პლატფორმა X-ზე პრემიერის განცხადება გააზიარა და დაწერა, რომ "დიქტატურის პირობებში საქართველო ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი". ხელისუფლების წინააღმდეგ თავდასხმას მმართველი პარტია კონკრეტულ ინტერესებს უკავშირებს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზე საუბარი არა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა, არამედ საქართველოს მხარდაჭერაა.

საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებები უსაფუძვლოა.

როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, ლიეტუვის ან სხვა ქვეყნების დამოკიდებულება ხალხთა შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

დღის ამბები