17 ივნისი 2025,   05:33
ვრცლად
ვინ მიიღებს ოპოზიციიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას - გახარიას გუნდი კოლეგებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის", ერთ დროს ერთი მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულ კოლეგა ოპოზიციონერებს ახლა საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. ექსპრემიერის გუნდში ღიად ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან. ამ საკითხზე სხვა პოლიტიკური პარტიების პასუხები კი კითხვებს უჩენთ.

გახარიას გუნდი წინასაარჩევნო სამზადისშია, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიაში კი, როგორც თავად ამტკიცებენ, არჩევნებზე საუბარი არ დაუწყიათ. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრების თქმით, მათთვის პრიორიტეტული სხვა საკითხებია.

"ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას" და გვარამიას გუნდს - კოალიციას "ცვლილებებისთვის", გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ - ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ. სააკაშვილის პარტიის წევრები სხვებსაც დაფიქრებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა წაგებულ თამაშში შესვლაა.

წინასაარჩევნო სამზადისი კარგა ხანია დაწყებული აქვს "გირჩს". ამ პოლიტიკური პარტიისთვის პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების გზა 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე გადის.

წაგებული ცხრა არჩევნების შემდეგ, მეათე მარცხს მმართველი გუნდი ოპონენტებს 4 ოქტომბერს უწინასწარმეტყველებს. სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ გუნდის ამბიციური გეგმა - 64 მუნიციპალიტეტში გამარჯვება, 4 თვეში რეალობად იქცევა. კახა კალაძის მომდევნო 4 წლის ამბიციურ გეგმაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დედაქალაქს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატება.

ვინ დარჩება გადაწყვეტილების ერთგული და ვინ შეცვლის პოზიციას - მოსაფიქრებლად პოლიტიკურ პარტიებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები