
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოსთან დაკავშირებით მარკო რუბიოს განცხადება შეაფასა და თქვა, რომ აშშ საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდება და ადგილზე მყოფი საკუთარი წარმომადგენლების შეფასებებს ელოდება.
ჯაფარიძის განცხადებით, ახლა მთავარია ახალმა ადმინისტრაციამ, ამ შემთხვევაში სახელმწიფო დეპარტამენტმა, უფრო აქტიურად იმოქმედოს იმისათვის, რომ საქართველოში განმუხტოს უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი.
"რახან რუბიომ თქვა, ესე იგი მიმდინარეობს შეფასება, ისინი აკვირდებიან პროცესებს. ცხადია, ისიც ითქვა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ის თუ ამერიკელები ადგილზე როგორ აფასებენ შექმნილ ვითარებას. ადგილზე მყოფი ამერიკელების შეფასება ყველამ ვიცით. შესაბამისად, ახლა მთავარია, რომ ახალმა ადმინისტრაციამ, ამ შემთხვევაში სახელმწიფო დეპარტამენტმა უფრო აქტიურად იმოქმედოს იმისათვის, რომ საქართველოში განმუხტოს უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოზე პირველი განცხადება გააკეთა და ახალი ადმინისტრაციის პოზიციაზე ისაუბრა.
კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, მარკო რუბიომ ამერიკის მიზნებსა და ეროვნულ ინტერესებზე ისაუბრა და კითხვაზე პასუხად თავად დასვა კითხვა: "არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს." სახელმწიფო მდივანი არ აკონკრეტებს რას გეგმავს ვაშინგტონი, თუმცა ადასტურებს, რომ საკითხი აქტიურად განიხილება.