
მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ჯენინს 25 დიპლომატი სტუმრობდა, რა დროსაც ისრაელის ძალებმა მათ მიმართ გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელეს - ინფორმაციას "გარდიანი" ავრცელებს.
ინციდენტს საერთაშორისო გამოხმაურება და პროტესტი მოჰყვა. გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებში ჩანს, რომ დიპლომატები მედიასთან საუბრობენ და ამ დროს ისმის ავტომატის ჯერის ხმა. მომხდარის გამო მათ თავშესაფრის ძებნა მოუწიათ.
დელეგაციაში შედიოდნენ ელჩები და დიპლომატები ოცზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის, იტალიიდან, კანადიდან, ეგვიპტიდან, იორდანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩინეთიდან.
ჯგუფი ოფიციალურ მისიაზე იმყოფებოდა, რომელიც ორგანიზებული იყო პალესტინის ხელისუფლების მიერ, რათა დაეთვალიერებინათ იქაური ჰუმანიტარული სიტუაცია.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ვიზიტი შეთანხმებული იყო, თუმცა დელეგაციამ "დამტკიცებულ მარშრუტს გადაუხვია", რის გამოც ისრაელის ჯარისკაცებმა გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელეს, რათა ისინი ტერიტორიიდან გაეძევებინათ.
კანადის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებში ისრაელის ელჩები უკვე დაიბარეს.