
რისთვის ემზადება ოპოზიცია 26 მაისს? პიკეტირება, პარალიზება და შესაძლო მსხვერპლი - ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, თვლიან, რომ ამ დღეს პროტესტმა რადიკალური ფორმა უნდა მიიღოს. ხელისუფლების ოპონენტთა მეორე ნაწილი კი ამ გეგმას ემიჯნება. გახარიას გუნდში ამბობენ, რომ 26 მაისი აუცილებლად იქნება პროტესტის დღე, თუმცა, საბოლოოდ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები მაინც მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.
"ეროვნული დღესასწაული ეროვნული დაპირისპირებისთვის გამოყენებული ვერ იქნება" - ასეთია ხელისუფლების პოზიცია.
"26 მაისს, წელსაც, საქართველოს მთავრობა ემზადება იმისთვის, რომ ყველა იმ ღონისძიებამ, რომელიც არის დაგეგმილი, ჩაიაროს მშვიდობიანად. ეს არის საყოველთაო ზეიმის დღე, 26 მაისი არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში რაიმე დაბრკოლება შეიტანოს.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ამ ადამიანს რაც უნდა და სადაც, იქ ჩაატაროს, მაგრამ კანონის ჩარჩოებიდან არ გავიდეს, თორემ შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე.