
მმართველი გუნდი ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებას ეხმაურება. მარკო რუბიოს გუშინ საქართველოს შესახებ კითხვა კონგრესში ჯო უილსონმა დაუსვა. მარკო რუბიომ თქვა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების საკითხი განხილვის პროცესშია. უილსონის კითხვიდან გამომდინარე, სახდეპის ხელმძღვანელმა ისიც განმარტა, რომ ამერიკა საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების მიხედვით იმოქმედებს. სახელისუფლებო გუნდი მეტ სიცხადეს ელოდება. პოლიტიკოსების თქმით, საქართველოს ხელისუფლებისა და ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის სრული თანხვედრაა.
მარკო რუბიოს პასუხი ჯო უილსონის კითხვაზე, პირველად "ღამის კურიერში" შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაკა ბოჭორიშვილი დარწმუნებულია, რომ ტრამპის ადმინისტრაციასა და "ქართულ ოცნებას" შორის არსებული იდეოლოგიური თანხვედრა ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობა გახდება.
ამერიკის საგარეო პრიორიტეტებზე სახელმწიფო მდივანს მოსმენა კონგრესის საგარეო კომიტეტში ჰქონდა, სადაც "მეგობარი აქტის" თანაავტორის კითხვას უპასუხა.
კონგრესში დასმული კითხვა და რუბიოს განცხადება საქართველოზე, ოპოზიციისთვის საქართველოს ხელისუფლების დასჯის წინაპირობაა. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ მომდევნო ნაბიჯები კიდევ უფრო მკაცრი და ხისტი იქნება.
ოპონენტების პოზიცია მმართველ გუნდში არ უკვირთ. ამბობენ, რომ ოპოზიცია ეროვნულზე მაღლა ყოველთვის, უცხო ლობისტების ინტერესებს აყენებს. უმრავლესობაში დღეს ისიც განმარტეს, რომ რუბიოს თქმით, აშშ-ის პოზიციაზე გავლენას USAID-სა და NED-ის ანგარიშების ნაცვლად, ადგილობრივი ბიუროები მოახდენენ.
მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ ვაშინგტონი შესაბამისად შეაფასებს ხელისუფლების ქმედებებს და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის პროცესი გარდაუვალი იქნება.