22 ივნისი 2025,   13:33
ვრცლად
დეზინფორმაციის გავრცელება და ექსტრემიზმისთვის ბაზის შექმნა - შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს და დონორებისგან რეაგირებას მოითხოვს

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრს" პარლამენტის თავმჯდომარე დეზინფორმაციის გავრცელებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაში ადანაშაულებს. ფეისბუქ პოსტში შალვა პაპუაშვილი ამ ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებს აზიარებს და წერს, რომ "საიაც" და "იემსიც" ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად მოიხსენიებენ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დემოკრატიის არაღიარების მიზანი - ექსტრემიზმისთვის ბაზის შექმნაა. შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარ დამფინანსებელს მიმართავს და საქართველოში ევროკავშირის საელჩოსგან მომხდარზე რეაგირებას ელოდება.

შალვა პაპუაშვილის ბრალდებისთვის პასუხი "სოციალური სამართლიანობის" ცენტრში არ გაუციათ, "საიაში" კი ამბობენ, რომ არგუმენტი აქვთ, რის გამოც ახალი მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" პოზიცია თანხვედრაშია ოპოზიციის შეფასებებთან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დამოკიდებულებაში უცნაური არაფერია.

ამომრჩევლის და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფის მიზანს ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობაში არასამთავრობო ორგანიზაციების დამოკიდებულების მიღმა. მმართველ პარტიაში კითხვები აქვთ დონორებთანაც.

მმართველი პარტიაში მესამე სექტორის მთავარ დამფინანსებლებს პარიზის დეკლარაციას ახსენებენ და ამბობენ, რომ დონორების პასუხისმგებლობა სამართლებრივად გაწერილი ნორმებით რეგულირდება.

დღის ამბები