22 ივნისი 2025,   12:22
ვრცლად
გირაო თუ პატიმრობა - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციონერი ლიდერები ნებისმიერ გადაწყვეტილებას საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის იყენებენ

გიორგი ვაშაძეს წინასწარი პატიმრობის საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა ზურა ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ საბოლოო განაჩენი ყველასთვის ერთნაირი დადგეს - დააპატიმრონ ისინიც, ვინც გირაო არ გადაიხადა და ისინიც, ვინც გადაიხადა. "ლელოს" ლიდერების შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარეც, რომელიც დღეს საქალაქო სასამართლოში არ გამოჩენილა. განსხვავებით სხვა ოპოზიციონერი ლიდერებისგან, რომლებიც ზურა ჯაფარიძეს, პროცესის დაწყებამდე სოლიდარობას უცხადებდნენ. თავად ჯაფარიძეს დღეს დაპატიმრების მოლოდინი ჰქონდა, ვაშაძესთან დაკავშირებით კი დაწერა, რომ ყველას საკუთარი ფრონტის ხაზი აქვს.

გიორგი ვაშაძის პარტნიორებს ვაშაძის ესმით, თუმცა ჯაფარიძის პოზიცია უფრო მოსწონთ. "ნაციონალურ მოძრაობაში", ისევე როგორც გვარამია-მელიას კოალიციაში ფიქრობენ, რომ გირაოს გადახდა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ტოლფასია.

ამ ლოგიკით პარლამენტს ლეგიტიმაცია პირველებმა ხაზარაძე-ჯაფარიძემ მიანიჭეს, როდესაც გირაო გადაიხადეს. უფრო ადრე კი გიორგი გახარიამ, როდესაც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მივიდა. ოპოზიციის ერთი ნაწილის ამ ლოგიკას არ იზიარებენ არც "ლელოს" ლიდერები და არც ყოფილი პრემიერის გუნდის წევრები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ოპოზიციის ლიდერების ციხეში ყოფნას კომისიაზე მისვლა ან გირაოს გადახდა სჯობდა.

პოლიტიკოსობა ინდულგენცია არ არის - ასეთია უმრავლესობის პასუხი ოპონენტების განცხადებებზე. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციონერი ლიდერები ნებისმიერ გადაწყვეტილებას საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის იყენებენ.

ზურა ჯაფარიძის შემდეგ, ახლოვდება გიორგი ვაშაძის სასამართლო, რომელსაც შემდეგ უკვე ჯერ ნიკა მელიას, მოგვიანებით კი ნიკა გვარამიას პროცესები მოჰყვება. "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარისგან განსხვავებით, კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერები გირაოს გადახდას კატეგორიულად არ აპირებენ.

დღის ამბები