
პარლამენტში ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე მსჯელობა საკომიტეტო ფორმატში იწყება. ცვლილებებით, გაუქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სისხლის სამართლის ის საქმეები კი, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა.
მეორე საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, დაზვერვის სამსახური პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის და ყალიბდება როგორც ეროვნული სადაზვერვო სააგენტო.
"დაზვერვის სამსახური ცალკე სააგენტოს სახით შევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ზუსტად ასეთივე მსგავსი მოდელი არის ნატო-ს წევრ არა ერთ ქვეყანაში, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ეფექტურობას, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ახლა დამოუკიდებელ ორგანოს, იმ ორგანოს, რომლის დამოუკიდებლობის სტანდარტიც არის საფუძველდადებული საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პროკურატურის სახით, შეეძლება გამოიძიოს ის დანაშაულები, რომელიც განსაზღვრული იყო აქამდე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობაში და შესაბამისად, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, გამოძიებასთან დაკავშირებით, იქნება სრულად უზრუნველყოფილი. ეს ამავდროულად, ეფექტურობის თვალსაზრისითაც უმჯობესი იქნება," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე.