17 ივნისი 2025,   04:46
ვრცლად
"ეს არ იყო რაიმე მიზანმიმართული ქმედება, იყო გარკვეული სახის შეცდომა, ინციდენტი ამოწურულია და ევროკავშირის დელეგაციის წევრს აქვს უფლება ჩვეულებრივად შემოვიდეს საქართველოში" - ალექსანდრე დარახველიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრთან, საიმონ ვანდერბრუკსთან დაკავშირებით, ინციდენტი ამოწურულია.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ დააფიქსირა, რომ ეს არ იყო მიზანმიმართული ქმედება და მას აქვს საშუალება, შემოვიდეს საქართველოში.

"ეს არ იყო რაიმე მიზანმიმართული ქმედება, იყო გარკვეული სახის შეცდომა, შესაბამისად, განემარტა რომ ამ ადამიანს აქვს საქართველოში შემოსვლის და იმ დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობის უფლება, რაც ვენის კონვენციით და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით არის განსაზღვრული. ასე, რომ ინციდენტი ამოწურულია და მას აქვს უფლება ჩვეულებრივად შემოვიდეს საქართველოში,"- აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.

მანამდე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ 21 მაისს ვანდერბრუკს თბილისის აეროპორტში შემოსვლის უფლება არ მისცეს. მათი განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადაეგზავნა და ხელისუფლებამ სიტყვიერად მოიბოდიშა.

ამასთან, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გაკეთდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. როგორც უწყებაში განმარტეს, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას და საკითხი ამოწურულია.

დღის ამბები