
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.
საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დღეს გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება, სადაც გამოიფინება ქართული ისტორიული კოსტიუმები და სამკაულები. მიღებას მუსიკალურად გააფორმებს ნიკა ნიკვაშვილის ბენდი, ანსამბლი „შვიდკაცა“ და სიმებიანი კვარტეტი.
24 მაისს, ჰეიდარ ალიევის ცენტრში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, მომღერლები ლიზა ბაგრატიონი და მანანა თოდაძე, ანსამბლი “შვიდკაცა”, ოთო ბაზერაშვილი.
საზეიმო მიღებას და კონცერტს დაესწრებიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა, კულტურის მინისტრი ადილ კარიმლი, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარიძე.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის შეხვედრა აზერბაიჯანის კულტურის მინისტრთან ადილ კარიმლისთან.