
"დემოკრატია ევროპის თავდაცვის პირველი ხაზია" - ამ სახელწოდებით გამოქვეყნებულ სტატიაში, ალენ ბერსე ევროპის ბევრ ქვეყანაში, უცხოური გავლენის შესახებ კანონების მიღებას ეხმაურება. სტატიაში ევროპელი პოლიტიკოსი ორმაგ სტანდარტს ახსენებს და აცხადებს, ის, რაც მიუღებლად ითვლება საქართველოში, იგივე საზომით უნდა შეფასდეს გერმანიაში თუ ევროპის სხვა სახელმწიფოებში.
ის, რაზეც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საუბრობს, მარტივი ჭეშმარიტებაა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის. თუმცა, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ბრიუსელში, სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბევრს არ ესმის.
მმართველი გუნდის ოპონენტები კი, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების კონტექსტს ახსენებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტის ხსენება არარელევანტურია.
სახელისუფლებო გუნდში, ალენ ბერსეს განცხადებას მიესალმებიან და იმედი აქვთ რომ ევროპის საბჭოს მაღალჩინოსნის განცხადებას სხვა ევროპელი ბიუროკრატებიც გაითვალისწინებენ. საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში გაცილებით ლიბერალური კანონმდებლობა მოქმედებს.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ავტორობით სტატია, "ევრონიუსზე" გამოქვეყნდა. ალენ ბერსე ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებს მიმოიხილავს. ამ გამოწვევების გათვალისწინებით, მისი თქმით, ევროპისთვის - ახალი დემოკრატიული პაქტის მიღებაა საჭირო.