
ALDE და მსოფლიო ლიბერალური პარტიების გაერთიანება, მათივე წევრი პარტიის ლიდერის დაკავებას, პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოშლის მცდელობად აფასებენ. ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ "ზურა ჯაფარიძის სასამართლო მოჩვენებითი იყო, არ დაუშვეს საელჩოს წარმომადგენლობები და პროცესის ღიაობა უზრუნველყოფილი არ ყოფილა".
პოლიტიკური გაერთიანებები ჯაფარიძის დაკავებას გმობენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
ერთობლივი წერილის ავტორებს, პარლამენტის თავმჯდომარე სიცრუის მიზანმიმართულად გავრცელებაში ადანაშაულებს. შალვა პაპუაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას - რაც განცხადებაში ნათქვამის საპირისპიროა.
"ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს ევროპისთვის" - საქართველოდან არაერთი მოკავშირე ჰყავს. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი "ალდეს" წევრია. ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორების პოზიციას სრულად ეთანხმებიან. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას თუ გაერთიანებას აქტიურობისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
მმართველი პარტია ოპონენტებს სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას ურჩევს. საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, კონკრეტული ძალები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ საქართველოს იმიჯის დაზიანებით არიან დაკავებული.
20 000 ლარიანი გირაო, ზურა ჯაფარიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ჰქონდა დაკისრებული. მის გადახდაზე უარის შემდეგ კი სასამართლომ გირაო პატიმრობით შეცვალა.