
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში აღინიშნება. ღონისძიებებს დიპლომატიური მისიები მასპინძლობენ. ჟენევიდან სტოკჰოლმამდე, ზაგრებიდან რიო-დე-ჟანეირომდე, ადგილობრივები და მიწვეული სტუმრები საქართველოს ისტორიასა და კულტურას ეცნობიან.
ჟენევაში დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საღამო მრავალფეროვანი კულტურული აქტივობებით იყო დატვირთული, სტუმრების წინაშე ფოლკლორის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი“ და ქართული სიმებიანმა კვარტეტი წარსდგა.
საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავი აღნიშნეს ხორვატიაშიც. ზაგრების უნივერსიტეტში გამოფენა გაიხსნა, სადაც ქართული კულტურის, ენის, ისტორიის და არქიტექტურის ამსახველი ფოტოებია წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ხორვატიულ ენაზე თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი“ გადაეცა.
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიება ქალაქ სტოკჰოლმში, როსენდალის სამეფო ბაღშიც გაიმართა.
რიო-დე-ჟანეიროში კი ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა.
ბაქოში, ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრ,ი თინათინ რუხაძე დაესწრო. საზეიმო მიღებაზე ქართული ტრადიციული სამოსი გამოიფინა და ქართული მუსიკა გაჟღერდა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურის მინისტრების შეხვედრა.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს წარსულსა და აწმყოს საერთაშორისო არენაზე, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, როგორც დიდი ისტორიის მქონე პატარა ქვეყანას, რომელსაც საერთაშორისო კულტურული მემკვიდრეობის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.