
დღეს სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში იმყოფებოდა. ექსპრეზიდენტმა "კურიერის" შეკითხვას ამ თემაზე არ უპასუხა, თუმცა მისი სტუმრობა ამერიკის დიპლომატიურ მისიაში დაადასტურა ოპოზიციამ, რომელსაც საელჩოდან დაბრუნებული ზურაბიშვილი საკუთარ ოფისში შეხვდა.
დღის განმავლობაში "რუსთავი 2-მა" კითხვით შეერთებული შტატების დიპლომატიურ მისიასაც მიმართა, თუმცა არც საელჩოს არ უპასუხია ამ დრომდე, ისევე, როგორც არ გაუვრცელებია განცხადება, თუ რა სახის კონსულტაციები გაიმართა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან.
ამ დროს, კითხვებს სვამს "ქართული ოცნება", სადაც საელჩოსგან ელოდებიან განმარტებას რა კონსულტაციები იმართება სალომე ზურაბიშვილთან 26 მაისისთვის დაანონსებულ აქციამდე:
"ჩვენ არ ვიცით რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გააკეთებს რელევანტურ განცხადებას ამასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი არის ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებში არჩევნები გაყალბდა, თუმცა ამის დამტკიცება შეუძლებელია და სალომე ზურაბიშვილი არის იმ ორგანიზაციის სტიპენდიატი, რომელიც ტრამპს პირდაპირ ხელს ადებს რომ იგი დამნაშავეა და უკიდურესად მძიმე ეპითეტებით მოიხსენიებს მას. ეს არის რეალობა და ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ განმარტებებს და განცხადებებს,"- აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.