
კალენდარზე 23 მაისი ამერიკელებთან ერთად იმ ქვეყნებმაც მოინიშნეს, რომლებიც ვაშინგტონს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან. თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მისულ მედიას ტრამპმა ახალი აღმასრულებელი ბრძანება გააცნო. შეერთებული შტატები ატომური ენერგიის გამომუშავების ტემპს გაზრდის. პარალელურად, მოხდება ურანის მოპოვების და მისი გამდიდრების პროცესის დაჩქარება.
იმას, რასაც ტრამპი დაუშვებს ამერიკაში, არ დაუშვებს ოკეანის მიღმა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შეერთებული შტატები ირანთან აქტიურ მოლაპარაკებებს სწორედ ამ საკითხზე აწარმოებს. მიუხედავად არაერთი ულტიმატუმისა და მოთხოვნისა, თეირანი ვაშინგტონის სასარგებლოდ პოზიციების დათმობას არ აპირებს. მეტიც, პრეზიდენტ ტრამპს აზიიდან ისიც გააგებინეს, რომ ურანის გამდიდრება ის წითელი ხაზია, რამაც შეიძლება მხარეებს შორის დიალოგი საბოლოოდ დაასრულოს.
დონალდ ტრამპის მკაცრი ტონი აღწევს ბრიუსელშიც. ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი 1 ივნისიდან ევროკავშირს ახალ ტარიფებს უწესებს. ამბობს, რომ პოლიტიკური გაერთიანება ვაშინგტონს ზიანს აყენებს. ტრამპი ევროპელ ლიდერებს თეთრი სახლიდან ეუბნება, რომ გარიგებაზე არ წავა, სანამ ევროპა შტატებისთვის სასურველ პირობებს არ შეასრულებს.
სანამ დონალდ ტრამპი ტარიფების ახალ პაკეტზე საუბრობს, საკუთარი მოთხოვნების წინ წამოწევას ცდილობს ევროკავშირი. ბრიუსელიდან ვაშინგტონს უთხრეს, რომ დაბალანსებულ შეთანხმებას და ევროპული სტანდარტების პატივისცემას მოითხოვენ.
საგარეო პოლიტიკასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაძლიერება. მიუღებელია ყველა, ვინც ამერიკაში ცხოვრობს და შტატების წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს. დონალდ ტრამპის თქმით, სწორედ ამ მიზეზით ის მიესალმება, რომ ჰარვარდში საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის პროცესი დროებით შეჩერდეს.
ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგ, ოვალურ კაბინეტი კიდევ ერთი სკანდალური შეხვედრის მომსწრე გახდა. დონალდ ტრამპმა სამხრეთ აფრიკის ლიდერი, სირილ რამაფოსა თეთრკანიანების დევნასა და გენოციდის მოწყობაში ღიად დაადანაშაულა, რასაც პრეზიდენტებს შორის ხისტი კამათი მოჰყვა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობაზე, ხელმეორედ, დონალდ ტრამპი 4 თვის წინ დაბრუნდა. ახალი ადმინისტრაცია, საშინაო და საგარეო პოლიტიკის მკვეთრს ცვლილებებს არ ერიდება.