08 ივლისი 2025,   05:43
ვრცლად
"ორი ვარიანტია, ან ბრიტანეთის ელჩს წარმოდგენა არ აქვს ვისზე გაიცემა დაფინანსება და თუ აქვს წარმოდგენა და იცის, მაშინ ეს არის შეგნებულად, რადიკალიზმის და პროპაგანდის დაფინანსება" - ლევან მახაშვილი

"ორი ვარიანტია, ან ბრიტანეთის ელჩს წარმოდგენა არ აქვს, ვისზე გაიცემა დაფინანსება და თუ წარმოდგენა არ აქვთ, შეგვიძლია მივაწოდოთ ინფორმაცია, რეალურად ვინ დგას ორგანიზაციების უკან, და თუ აქვს წარმოდგენა და იცის, ვისზე გაიცემა და მაინც გასცემს, მაშინ ეს არის შეგნებულად, რადიკალიზმის და პროპაგანდის დაფინანსება," - ასე აფასებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, რომელიც საგრანტო წინადადებების გაუქმებას ეხება.

ლევან მახაშვილი ამბობს, რომ თანხების გაცემა ხდება პარტიულ ტელევიზიებზე, "ნაციონალური მოძრაობის" სიით წევრებზე...:

"ჩვენი აღშფოთება რამაც გამოიწვია იყო მაშინ, როდესაც ჩვენ ვნახეთ ის კონკრეტული ორგანიზაციები, ვისზეც აპირებდნენ ამ თანხების გაცემას. ამას ვაფასებთ ჩვენ, როდესაც ვხედავთ, რომ თანხების და ფინანსების გაცემა ხდება პარტიულ ტელევიზიებზე, ჯიბის ტელევიზიებზე, "ნაციონალური მოძრაობის" სიის წევრებზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც მეორე დღესვე დახიეს მანდატები და უარი თქვეს პარლამენტში შემოსვლაზე. ანუ, ასეთი ტიპის ორგანიზაციების და პირების დაფინანსება რომ ხდება, ძალიან მიკვირს, რატომ არიან გაკვირვებულები ბრიტანეთის საელჩოში. ორი ვარიანტია, ან ბრიტანეთის ელჩს წარმოდგენა არ აქვს, ვისზე გაიცემა დაფინანსება, და თუ წარმოდგენა არ აქვთ, შეგვიძლია მივაწოდოთ ინფორმაცია, რეალურად ვინ დგას ორგანიზაციების უკან. და თუ აქვს წარმოდგენა და იცის, ვისზე გაიცემა და მაინც გასცემს, მაშინ ეს არის შეგნებულად, რადიკალიზმის და პროპაგანდის დაფინანსება. თავად განაცხადოს ახლა, ერთია თუ მეორე," - აცხადებს ლევან მახაშვილი.

დიდი ბრიტანეთის საელჩომ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დაგეგმილ საგრანტო წინადადებებს აუქმებს. მიზეზად დასახელებულია "გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ" გაურკვევლობა.

დღის ამბები