
დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით, "ქართულ ოცნებაში" გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურებიან ოპოზიციაში. საუბარია განცხადებაზე, სადაც წერია, რომ დიდი ბრიტანეთის საელჩო თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დაგეგმილ საგრანტო წინადადებებს აუქმებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ფინანსების გაცემა იგეგმებოდა პარტიულ ორგანიზაციებსა და საარჩევნო სიის წევრებზე, რაც შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაა.
შეფასებებს კატეგორიულად არ ეთანხმება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, გრანტების მიღება არ შეიძლება შიდა საქმეებში ჩარევად განიხილებოდეს, რადგან ფინანსების გამოყოფის მიზანი დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაა.
"რომელიმე პარტიას არავინ არ უჭერს მხარს გარედან, დემოკრატიას უჭერენ მხარს. ხელისუფლებამ არ მისცა ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოეხდინა იმ დემოკრატიული პროექტის დაფინანსება, რაც საელჩოს მიაჩნია სწორად," - აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია.
დიდი ბრიტანეთის საელჩომ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დაგეგმილ საგრანტო წინადადებებს აუქმებს. მიზეზად დასახელებულია "გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ" გაურკვევლობა.