
ექსტრემიზმის წახალისებაში, მთავრობის მეთაური, ბრიტანეთის საელჩოს ადანაშაულებს. საუბარია გაერთიანებული სამეფოს საგრანტო წინადადებაზე, რომელიც, თვითმმართველობის არჩევნებისთვის არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების დაფინანსებას გულისხმობდა. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ოფიციალური ლონდონის მიერ გამოცხადებული პროგრამის მიზანი, რევოლუციური პროცესების წახალისება და კონკრეტული ორგანიზაციების გავლით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება იყო, რაც კონსტიტუციით აკრძალულია.
ბრიტანული გრანტი, რომ საბოლოოდ ოპოზიციურ პარტიებში აღმოჩნდებოდა-ამის დოკუმენტური მტკიცებულებები, პარლამენტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში გაასაჯაროვა. შალვა პაპუაშვილის თქმით, საელჩოს საგრანტო პროგრამის თანახმად, დაახლოებით 200 ათას ლარს, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ დაფუძნებული, მედიაორგანიზაცია "ტაბულა" მიიღებდა. ბრიტანული ფული გადაირიცხებოდა, "საქართველოს მომავლის აკადემიაშიც", რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის მე-5 ნომერი, გია ჯაფარიძე წარმოადგენს. ამ ფაქტების გამო, პარლამენტის თავმჯდომარე, ბრიტანეთის ელჩს ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს და გარეტ უორდისგან ითხოვს განმარტოს, რატომ ერეოდა უცხოელი დიპლომატი, მათ შორის საქართველოში გასულ წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში.
დიდი ბრიტანეთის საელჩომ საგრანტო წინადადების გაუქმების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა. დიპლომატიური სამსახური წერს, რომ დონაციის მიზანი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამოქალაქო საზოგადოების მომზადება იყო. ფინანსების გამოყოფაზე კი უარი "გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ" მთავრობის დადგენილებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო ეთქვათ. ამ და ოფიციალური ლონდონის სხვა პროგრამებთან დაკავშირებით, კითხვები არ აქვთ ოპოზიციაში.
ოპოზიციას და თავად ბრიტანეთის ელჩს, საერთაშორისო სამართლის პრინციპები დღეს სახელისუფლებო გუნდიდან შეახსენეს. "ქართული ოცნება", სადაც დარწმუნებული არიან, რომ უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების ცვლილების მიზნით იხარჯება, გარეთ უორდს მიმართავს და ახსენებს, რომ უცხო ქვეყნის დიპლომატები საქართველოს შიდა საქმეებში არ უნდა ერეოდნენ.
რა პასუხი აქვს ბრიტანეთის საელჩოს მმართველი გუნდის ბრალდებებზე? მათ შორის ექსტრემიზმის, პროპაგანდის დაფინანსებასა და არჩევნებში უხეშ ჩარევასთან დაკავშირებით- "კურიერმა" დიპლომატიურ სამსახურს წერილობითი შეკითხვა გაუგზავნა, თუმცა საქართველოში, ოფიციალური ლონდონის წარმომადგენლობა ამ დრომდე დუმს.