08 ივლისი 2025,   05:40
ვრცლად
ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური კავშირების მაღალი დონე და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა - უნგრეთში, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ორ დღიანი ვიზიტი დასრულდა

კულტურა, განათლება, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, ვაჭრობა - საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობა ყველა სფეროს მოიცავს. პრემიერ-მინისტრმა უნგრეთში ვიზიტი შეაჯამა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი თბილისის აქტიურ მხარდამჭერად რჩება.

საქართველოსთვის რომ მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზანი, ევროკავშირში გაწევრიანებაა, ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგაც განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოსადმი უსამართლო მიდგომების პირობებში, უნგრეთის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულებაზე ისაუბრა უნგრეთის პრემიერმაც. ვიქტორ ორბანმა დღეს სოციალურ ქსელშიც დაწერა, რომ საქართველო და უნგრეთი უარს ამბობენ, სხვის ომში პაიკებად ყოფნაზე და ამის ნაცვლად, ეკონომიკურ ზრდას, ენერგოუსაფრთხოებას და მჭიდრო თანამშრომლობას ირჩევენ.

ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური კავშირების მაღალი დონე და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა განიხილა ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრეზიდენტ, ტამაშ შუიოკთან შეხვედრისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიალოგის ხელშეწყობას განაგრძობს. უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან შეხვედრისას კი, ყურადღება საპარლამენტო დონეზე არსებულ თანამშრომლობაზე გამახვილდა. ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა დაუდასტურა. დღეს გამართულ შეხვედრებსა და სხვადასხვა სფეროში არსებულ პარტნიორობის მნიშვნელობას პრემიერ-მინისტრი სოციალური ქსელის საშუალებითაც გამოეხმაურა.

უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით მთავრობათაშორისო სამიტის მეორე სხდომა გაიმართა. კომისიის ფორმატში კონკრეტული სამინისტროების მონაწილეობით მემორანდუმები გაფორმდა, რაც სექტორული თანამშრომლობის გაგრძელებას და გაღრმავებას გულისხმობს. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ორ დღიანი ვიზიტი დასრულდა. ფერენც ლისტის სახელობის ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს დელეგაციის წევრები, უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა გააცილა.

დღის ამბები