
პროპაგანდის და ექსტრემიზმის დაფინანსების მცდელობა - პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის საელჩოს ბოლო განცხადება იმის ეჭვს აჩენს, რომ დიპლომატიური უწყების დაფინანსება არამიზნობრივად და არაკანონიერად დაიხარჯებოდა.
საუბარია გაერთიანებული სამეფოს საგრანტო წინადადებაზე, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებისთვის არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების დაფინანსებას გულისხმობდა, შალვა პაპუაშვილმა საელჩოს მიმართა და გაცემული ფინანსების გასაჯაროება მოითხოვა.
საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა ორი დღის წინ, "კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ბრიტანული გრანტი საბოლოოდ ოპოზიციური პარტიების ყულაბაში აღმოჩნდებოდა და ამის დოკუმენტური მტკიცებულებებიც წარმოადგინა. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საელჩოს პროგრამის თანახმად, დაახლოებით 200 ათას ლარს, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ დაფუძნებული, მედიაორგანიზაცია "ტაბულა" მიიღებდა. გრანტი გადაირიცხებოდა, "საქართველოს მომავლის აკადემიაშიც", რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის მე-5 ნომერი, გია ჯაფარიძე წარმოადგენს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კონკრეტული ძალები უცხოურ დაფინანსებას რევოლუციური პროცესებისთვის იყენებენ.
საელჩოს საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვები არ აქვთ ოპოზიციაში, სადაც დარწმუნებულები არიან, რომ საერთაშორისო ფონდები და საელჩოების მიერ გაცემული დაფინანსება, სხვადასხვა სფეროში სექტორულ განვითარებას ხმარდება.
ის, რაც ოპონენტებისთვის დემოკრატიული პროცესი და სამოქალაქო, თუ მედია სექტორის განვითარებაა - საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობაა მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიაში, გარე ძალების მხრიდან ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება მოცემულ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია.
დიდი ბრიტანეთის საელჩომ საგრანტო წინადადების გაუქმების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში ორი დღის წინ გაავრცელა. დიპლომატიურმა უწყებამ განმარტა, რომ საგრანტო პროგრამა მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. ამ დრომდე, ბრიტანეთის საელჩოს, მმართველი გუნდის ბრალდებებზე პასუხი არ გაუცია.