
პოლიტიკაში რომ გამორიცხული არაფერია, "ლელოს" ლიდერებს კოლეგა ოპოზიციონერებმა მას შემდეგ შეახსენეს, რაც ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდმა, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ღია მინიშნებები გააკეთა. "ძლიერ საქართველოში" ამბობენ, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი იარაღი არჩევნებია, თუმცა მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხზე დისკუსია მრგვალ მაგიდასთან უნდა გაგრძელდეს.
შეცვლილი პოზიციის გამო ხაზარაძის "ლელოს", "ნაციონალური მოძრაობის" და კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრების გარდა, აკრიტიკებენ "გირჩშიც". პარტიაში, რომელშიც გახარიას გუნდის მსგავსად, თვითმმართველობის არჩევნებისთვის დიდი ხანია ემზადებიან, ამბობენ, რომ პოლიტიკურ თამაშში "ლელო" წარუმატებელი აღმოჩნდება.
საიუბილეო გამარჯვებაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ბარიერგადალახული პარტიების რეიტინგი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მინიმუმამდეა შემცირებული. უმრავლესობის წევრებისა და პოლიტიკური ჯგუფ "ხალხის ძალის" ლიდერების შეფასებით, ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტილებებს ქვეყნის გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად იღებენ.
ოპოზიციას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. თვითმმართველობის არჩევნები 4 თვეში, 4 ოქტომბერს გაიმართება.